სამ ეტაპიანი ზავი 15 თვიანი ომის შესაწყვეტად - ისრაელში ოჯახები ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს ელოდებიან, ღაზაში კი ათასობით დევნილმა სახლებში დაბრუნება დღესვე დაიწყო

მძევლები

ახლო აღმოსავლეთის შეთანხმება - 23 წლის გოგოს ტყვეობიდან გათავისუფლებამდე, მამა შვილის ფოტოებს და პირად ნივთებს ამოწმებს. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ეიტენ გონენი საკუთარი ქალიშვილის ოთახში შესვლას დიდხანს ვერ ბედავდა. მამამ ტრადიციული ლოცვა დილიდან დაიწყო, სახლს მიღმა კი დღეს მთელი მსოფლიო რომი გონენის 15-თვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებას ელოდა.

რომი გონენი, დორონ შტაინბრეჩერი და ემილი დამარი - 15 თვის წინ გატაცებული გოგოები "ჰამასის" მიერ გათავისუფლებული მძევლების პირველ ნაკადში მოხვდნენ. სამი ახალგაზრდა ქალის სანაცვლოდ, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება 90 პატიმარს დაიბრუნებს, ანუ ერთი მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეში მყოფ 30 პალესტინელს.

30 წლის მედდა დორონ შტაინბრეჩერი "ჰამასის" ტერორისტებმა კიბუც კფარ აზაში მდებარე სახლიდან გაიტაცეს. აღნიშნული დასახლება 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. ახლა დედას უჭირავს მისი ქალიშვილის ორი სურათი. ერთზე ჩანს ახალგაზრდა ქალი ბედნიერი თვალებით და ღიმილით, მეორე ფოტო კი რამდენიმე თვის წინ, "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეოდანაა, სადაც ნაჩვენებია გაფითრებული, ფერმკრთალი ახალგაზრდა ქალი, თითქმის უსიცოცხლო მზერით.

ოჯახების მხარდასაჭერად თელ-ავივის ცენტრში დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ისინი სამი მძევალი ქალის დაბრუნების ემოციურ მომენტს დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. დღის მეორე ნახევარში ისრაელის არმიამ გაავრცელა კადრები, სადაც გათავისუფლებული მძევლების მისაღებად სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი სამეტაპიანია. პირველ ეტაპზე 42 დღის განმავლობაში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ სულ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელი ციხის კარს 1900-ზე მეტ პალესტინელს გაუღებს, მათ შორის არიან ტერორიზმსა და სხვა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები.

სამშვიდობო შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ღაზის ქუჩებში. რიგითი მოქალაქეები და შეიარაღებული პირები პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას და ცეცხლის შეწყვეტას აღნიშნავენ.

ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფ ანკლავში უკვე შევიდა გაეროს სასურსათო პროგრამა. საკვები და საწვავი ეგვიპტიდან ღაზაში 200 სატვირთო ავტომობილით შეიტანეს. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა მძევლების და პატიმრების გათავისუფლების პარალელურად უნდა უზრუნველყონ ჰუმანიტარული ტვირთის შეუფერხებელი გადაადგილება. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის ზონაში შიმშილის წინაშე ათასობით ბავშვი იმყოფება. სკოლების 95 პროცენტი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა.

პალესტინურ ანკლავში ბოლო რამდენიმე საათია აფეთქებების ხმა აღარ ისმის. დევნილი მოქალაქეები კარვებიდან საკუთარ სახლებთან ბრუნდებიან, თუმცა ახლა აქ ძირითადად მხოლოდ ნანგრევებია, ნანგრევების ქვეშ კი ცხედრები.

მსოფლიო ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმებიან, თუმცა გადაწყვეტილებამ უკვე შეარყია ნეთანიაჰუს კაბინეტის პოზიციები. ზავს არ ეთანხმება და პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ფინანსთა მინისტრი კი მთავრობის დაშლით იმუქრება, თუ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შეაჩერებს. ამ დროისთვის ღაზაში ინფრასტრუქტურის თითქმის 70 პროცენტი განადგურებულია. ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლა 47 ათასი ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. გაერო ვარაუდობს, რომ ნანგრევებად ქცეული ქალაქების რეკონსტრუქციას მრავალი წელი და მილიარდობით დოლარი დასჭირდება. ყველაფერი კი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც "ჰამასის" შეიარაღებული მებრძოლები სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ, 1 200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.