ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი - რა გართულებებს იწვევს საქართველოში გავრცელებული ვირუსები

 რესპირატორული ვირუსი

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში ლეტალობით დასრულდა" ღორის გრიპის" რამდენიმე შემთხვევა. პაციენტების გარდაცვალება H1N1-ის გართულებებთან ერთად თანმხლებმა დაავადებებმა გამოიწვია, არცერთი მათგანი არ იყო აცრილი სეზონურ ვირუსებზე.

ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში.

პაციენტები სტაციონარს ძირითადად ცხელებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტს.

მედიკოსები ამბობენ, რომ "ღორის გრიპის" ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობა ეფექტურია დაავადების პირველ 72 საათში, ამიტომ მოუწოდებენ პაციენტებს დროულად მიმართონ ექიმს.

პაციენტები ხშირად ვირუსის გამოვლენის პირველ სიმპტომებისას თვითმკურნალობას მიმართავენ.

განსაკუთრებით გახშირდა გრიპის ვირუსის გართულებების შემთხვევები ბავშვებში. რისკ-ჯგუფში შედიან 2 წლამდე ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პატარები. პედიატრიულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების 52 პროცენტს, სწორედ ღორის გრიპის დადასტურებული შემთხვევები წარმოადგენს.

ვირუსის ფონზე კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვანების და მცირეწლოვანების უმრავლესობას განუვითარდა პნევმონია, თუმცა არის სხვა გართულებების ფართო სპექტრი.

"ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე დაავადების გავრცელების პიკს უახლოვდება, აცრა დაგვიანებული არ არის.

გრიპის ვირუსის გავრცელების პარალელურად ქვეყანაში კვლავ აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის მთავარი ატრიბუტი. ექიმები მოგვიწოდებენ ხალხმრავალ ადგილებში გამოვიყენოთ პირბადე, მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენა რადგან გრიპი გადამდებია ზედაპირებთან შეხებითაც, ასევე, სიმპტომების გამოვლენისას თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან.

ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.