1744744668
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის გამო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის გამო.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ იქ განლაგებული ევროპული მისია გაფართოვდება, რათა შეძლოს ამ დაძაბულობის მონიტორინგი და შეკავება.
„ახლა აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და თვითნებურად დაკავებული პირების და პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ეხმაურებიან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და მისი დიდი ხნის ანტიაზერბაიჯანული პოზიცია, რომელიც არ ემსახურება მშვიდობას, არ შეესაბამება საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს შეხედულებებს, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა რეგიონში დაძაბულობის გაჩენის გამო.
„მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასრულება მნიშვნელოვანი მოვლენაა, მისი ხელმოწერა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების აღმოფხვრას და საგარეო ჩარევის აღმოფხვრას, ძირითადად საფრანგეთის მხრიდან, რაც რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება”, – განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.