პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთი ბირთვულ შანტაჟს აგრძელებს. ამჯერად საქმე ეხება ზაპორიჟიესატომურ ელექტროსადგურს, რომელიც სიმძლავრით ევროპაში ყველაზე დიდია. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს სადგურის 6 რეაქტორი 4 მარტს დაიკავეს და მას შემდეგ, ევროპა უდიდესი ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. ნებისმიერმა გაუთვალისწინებელმა ქმედებამ შესაძლოა იმაზე უფრო მძიმე შედეგები გამოიწვიოს, ვიდრე ეს ჩერნობილის კატასტროფის დროს მოხდა. ზაპორიჟიესრეაქტორები გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით საფრთხის შემცველი გახდა, რადგან 2 დღის წინ ბირთვული სადგური გაითიშა. მართალია, ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა, თუმცა მსგავსი ინცინდენტის რეციდივის შემთხვევაში საქმე ისეთ კატასტროფასთან გვექნება, რომელიც საუკუნეების შემდეგაც გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს.
რისკი მაღალია, ყოველ შემთხვევაში ამას აცხადებს უკრაინული კომპანია "ენერგოატომი", უკრაინელმა მეცნიერებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციის გავრცელების მოდელირება მოახდინეს, თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტორია ამინდი და ქარის მიმართულება, მაგალითად ამ კვირაში დაფიქსირებული ამინდის პირობებში და ავარიის შემთხვევაში რადიოაქტიური ნივთიერებები შემდეგი ტრაექტორიით გაიფრქვეოდა: პირველ რიგში ის გავრცელდებოდა უკრაინის ტერიტორიაზე და მას დააზარალებდა ყველაზე მეტად, შემდეგ კი ქარის გავრცელების შესაბამისად გადავიდოდა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე - ბელორუსი, პოლონეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სერბეთი. რადიაცია გავრცელდებოდა რუსეთის ტერიტორიაზეც და მიაღწევდა როსტოვამდე.
ნათელია, რომ საფრთხე ომში მყოფი ქვეყნის ფარგლებს სცდება. უკრაინულ კომპანია "ენერგოატომში" ღიად ამბობენ, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი მაღალია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არ წყდება შეტევა ელექტროსადგურის მიმართულებით. ზაპოროჟიეში შექმნილი ვითარება დღეს გაეროს სხდომაზეც განიხილეს, რა დროსაც ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა, რაზეც რუსულმა მხარე უარი განაცხადა და ბირთვული განიარაღების შესახებ დეკლარაციის მიღება დაბლოკა.
ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებს, რომ ვითარება რთული და საფრთხის შემცველია. სწორედ ამიტომ, ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, რაც შეიძლება მალე ჩავიდნენ ზაპოროჟიეში და თავადვე აწარმოონ დაკვირვება და მონიტორინგი სადგურზე.
ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური, ისტორიაში პირველად ქსელიდან ხუთშაბათს გაითიშა, რამაც დამატებითი რისკები გააჩინა - როგორც "ენერგოატომში" განაცხადეს გათიშვა ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. შედეგად ელექტრომომარაგება შეუწყდა ხერსონისა და მელიტოპოლის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს. რადიაციული გაჟონვის საშიშროების ფონზე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრებლებს, იოდის ტაბლეტებიც დაურიგეს.
რუსეთ-უკრაინის ომი კი გრძელდება. ომის დაწყებიდან 185-ე დღესაც პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, როდის დასრულდება სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. მოლაპარაკებების პერსპექტივა ისევ არ ჩანს, მით უფრო, რომ უკრაინა მტერთან დიალოგის წინააღმდეგია, ოფიციალურ კიევში ფიქრობენ, რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას ხელახალი მობილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერი შეტევის განსახორციელებლად გამოიყენებს.