საბერძნეთში, ქვაბებსა და ტაფებს აივნებიდან ისვრიან... - როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში

აღდგომა

აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ დღისთვის  ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება. საქართველოში  აღდგომას  კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს ლამაზად აფორმებენ.  ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად  განსხვავებულად ემზადებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. 
 
მაგალითად,  საფრანგეთის ქალაქ ჰაუხში  სააღდგომოდ მთავარ მოედანზე 4500 კვერცხისგანგიგანტურ ომლეტს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. ლეგენდის თანახმად,სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას ნაპოლეონი და მისი არმია დასასვენებლად სწორედ ამ ადგილას გაჩერდნენ. იმპერატორმა მოქალაქეებს სთხოვა კვერცხები მოეტანათ და ომლეტი მოემზადებინათ. ტრადიცია სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს. 
 
„სმინგუს-დინგუსი“, - ასე ჰქვია ჰქვია პოლონურ სააღდგომო რიტუალს,  რომლის დროსაც ადგილობრივები ერთმანეთს წყალს ასხამენ, რათა წარსული შეცდომებისგან გათავისუფლდნენ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ტრადიცია სათავეს მეთოთხმეტე საუკუნიდან იღებს. მიჩნეულია, რომ გოგონები, რომლებიც ამ დღეს წყლით დასველდებიან, წლის ბოლომდე პარტნიორს აუცილებლად იპოვიან და იქორწინებენ. 
 
კათოლიკური ეკლესიის ცენტრში, ვატიკანში აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე გამართულ საკვირაო მესას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი მორწმუნე ესწრება.ამ დროს რომის პაპი ქრისტიანულ სამყაროს საზეიმოდ მიმართავს.
 
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, დიდ შაბათს მოსახლეობა აივნებიდან ტაფებსა და ქვაბებს ისვრის.  ძველი ნივთების ფანჯრიდან სროლა ბერძნული სააღდგომო ტრადიციაა, რაც სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისსა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.
 
ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაში, რომელიც „ფერად კვერცხებზე" ნადირობის სახელით არის ცნობილი. ამ დროს მამაკაცები სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს მინდორში მალავენ, ხოლო ქალები და ბავშვები მათი ძებნით არიან დაკავებულები. ამერიკელები აღდგომას შოკოლადის ბაჭიებითა და ფერადი კვერცხებით ხვდებიან. 

გვატემალაში არც მეტი , არც ნაკლები, დღესასწაულის წინა დღეს ქუჩაში ფერად ხალიჩებს აგებენ.მათ შესაქმნელად მოსახლეობა ყვავილებს, ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. ამბობენ, რომ ამით ისინი ღვთისადმი სიყვარულს, რწმენასა და აღდგომის სიხარულს გამოხატავენ.

ფლორენციის მცხოვრებლები ყოველ წელს სკორპიო დელ კაროს, იგივე „ეტლის აფეთქებას" აღნიშნავენ. დეკორატიული ეტლს, რომელიც ფოიერვერკებითაა სავსე, მეთხუთმეტე საუკუნის სამოსში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ყველა ქუჩაში დაატარებს. სააღდგომო წირვის შემდეგ კი, ფლორენციის მთავარეპისკოპოსი მას ცეცხლს უკიდებს. ადგილობრივების თქმით, სააღდგომო ტრადიცია კარგი მოსავლის საწინდარია.
 
წითელ პარასკევს ისრაელში მორწმუნეები იმ გზას გადიან, რომელიც ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს ხის ჯვარი მოაქვს. კვირა დღეს ისინი აღდგომის ტაძარში საეკლესიო მსახურებას ესწრებიან, სადაც გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ იესო დაკრძალეს.

განსხვავებული სააღდგომო ტრადიციების მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით ადამიანები ამ დღესასწაულს მოუთმენლად ელიან და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს სიხარულით ზეიმობენ.