„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
საბერძნეთი ქვეყანაში 13-საათიანი სამუშაო დღის შემოღებას აპირებს, ზეგანაკვეთური შრომა კი 40%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
საბერძნეთის პარლამენტი დღეს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულთათვის სამუშაო საათების ნებაყოფლობით გახანგრძლივებას შესაძლებელს გახდის და ქარხნების მუშებს, მოლარეებს, სასტუმროს პერსონალსა თუ სხვა პროფესიის პირებს დამატებით 40%-იანი დანამატის გამომუშავების უფლებას მისცემს.
საბერძნეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ ახალი კანონმდებლობით, საბერძნეთი ყველაზე მოქნილი შრომითი ბაზარი გახდება ევროპაში.
ახალი კანონმდებლობა დასაქმებულისთვის 13-საათიან სამუშაო დღეს ითვალისწინებს. თუმცა, კვირის განმავლობაში სამუშაო საათების საერთო ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 48 საათს და წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 37.5 დღეს. აქვე აღნიშნულია, რომ 13-საათიანი სამუშაო დღე არ არის სავალდებულო და ის მხოლოდ მოხალისეობრივ ხასიათს ატარებს.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება 40-საათიანი სამუშაო კვირა, ზეგანაკვეთური შრომა კი უფრო ეფექტურად უნდა იყოს ანაზღაურებული, 40%-იანი დანამატით.
კანონპროექტს არ ეთანხმებიან საბერძნეთის მოქალაქეები და პროფკავშირები. 14 ოქტომბერს მეორედ გაიმართა მასშტაბური საყოველთაო გაფიცვა, სრულად გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პროფკავშირები კანონის უკან გაწვევას მოითხოვენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს სამუშაო ადგილების ინსპექტირების ტრადიციები, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, უპირატესობა დამსაქმებელს ექნება.
„მოქნილი სამუშაო საათები პრაქტიკაში ნიშნავს რვასაათიანი სამუშაო დღის გაუქმებას, ოჯახისა და სოციალური ცხოვრების კონცეფციის განადგურებას და უზომო ექსპლუატაციის დაკანონებას“, – აცხადებენ საჯარო სექტორის პროფკავშირებში.
2024 წლის ივლისიდან მოყოლებული მრეწველობაში, გაყიდვებში, სოფლის მეურნეობასა და მომსახურების სექტორებში დასაქმებული თანამშრომლები დამსაქმებლის მხრიდან თხოვნის შემთხვევაში კვირაში ექვსი დღის განმავლობაში მუშაობენ და მეექვსე სამუშაო დღისთვის დამატებით 40%-იანი ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იღებენ. ეს მკვეთრად განსხვავდება ევროპის იმ ზოგიერთი ქვეყნისგან, რომლებიც კვირაში ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ.
საბერძნეთში აცხადებენ, რომ მსგავსი ზომების მიმართვის საფუძველი მოსახლეობის გადაბერება და კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე გახდა. ამჟამად ქვეყანაში უმუშევრობის დონე 8.1%-ს შეადგენს. ევროსტატის მონაცემებით, საბერძნეთში ყოველი მეხუთე დასაქმებული კვირაში 45 საათზე მეტს მუშაობს, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.