რუსეთს ამ სახელმწიფოებთან პრობლემა არ აქვს - პუტინი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე

putin

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„რაც შეეხება [NATO-ს] გაფართოებას, ახალ წევრებს ფინეთსა და შვედეთს – ძვირფასო კოლეგებო, მინდა გაცნობოთ, რომ რუსეთს ამ სახელმწიფოებთან პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნების ხარჯზე [NATO-ს] გაფართოებით რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე არ იქმნება, თუმცა ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას და როგორი იქნება ის, განპირობებული იქნება იმ საფრთხეებით, რომლებიც შეგვექმნება. ფაქტობრივად, პრობლემა ნულიდან იქმნება.

ამ უსასრულო გაფართოების პოლიტიკის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცდება თავის გეოგრაფიული დანიშნულების ფარგლებსაც, ევრო-ატლანტიკის ფარგლებს, ცდილობს უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და გააკონტროლოს საერთაშორისო სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჰქონდეთ გავლენა მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დამატებით ყურადღებას მოითხოვს“, - თქვა პუტინმა.