დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"Forbes-ის ტოპ 20 მილიარდერთა ნახევარზე მეტი უკრაინასთან ომის წინააღმდეგია. 9 მილიარდი დავკარგე, მაგრამ ვიფიქრე, რომ ჯობია მოვკვდე კარგი კარმით, რადგან ყველანი დავიხოცებით" - რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი, Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი რუსეთში არსებულ ვითარებაზე, საგარეო ურთიერთობებსა და რუსი ხალხის ყოფაზე სააგენტო TASS-ს ვრცლად ესაუბრა და დაგმო პუტინის პოლიტიკა.
როგორც მილიარდერი აღნიშნავს, მას სხვა ბიზნესმენებიც მხარს უჭერენ, თუმცა ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ. ამის შესახებ მან იური დუდთან ინტერვიუში განაცხადა (რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს „უცხოურ აგენტად“ მიიჩნევს).
ამ ინტერვიუმდე ტინკოვმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც რუსულ წრეებში ხმაური მოჰყვა:
„როგორ იქნება ჯარი კარგი, თუ ქვეყანაში სხვა ყველაფერი სისულელეა“. - დაწერა ბიზნესმენმა.
რაც შეეხება რუსეთის შეჭრას უკრაინაში ბიზნესმენი ასე ეხმაურება:
„თქვენ ხედავთ, რომ ბავშვები, ქალები, ადამიანები უბრალოდ კვდებიან. მათ ჩვენი რუსული არმია კლავს. და რაც მთავარია, გაუგებარია რატომ... მე უბრალოდ ვერაფერი ვთქვი იმის მერე, რაც განვიცადე. შეიძლება მოკვდე კიბოთი, მაგრამ მოკვდე ბომბით მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ცხოვრობ.... როგორ შეიძლება ეს 21-ე საუკუნეში ხდებოდეს?
ამავდროულად, ტინკოვმა განაცხადა, რომ მას „არ აქვს მორალური უფლება, დაგმოს ისინი, ვინც ახლა რუსეთში არიან - ეშინიათ“ და ამიტომ დუმან. მას ესმის, რომ „ხალხს წასასვლელი არსად აქვს, არც სახლი აქვთ საზღვარგარეთ, არც სამუშაო“. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მასაც კი შეეშინდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ხმა ამოეღო.
„9 მილიარდი დავკარგე, მაგრამ ვიფიქრე, რომ ჯობია მოვკვდე კარგი კარმით, რადგან ყველანი დავიხოცებით. მინდა ღირსეულად მოვკვდე, რომ ოჯახმა გამიხსენოს და შვილებმა იამაყონ.“ - ამბობს ბიზნესმენი.
„Forbes-ის ტოპ 20 მილიარდერთაგან 12-ს მე პირადად ვესაუბრე. ყველა მხარს მიჭერს. კონსენსუსი მიღწეულია“. - ამბობს ბიზნესმენი.
ტინკოვმა აღნიშნა, რომ კრემლის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ომის წინააღმდეგი არიან. ის გამოცემასთან საუბრისას პესკოვთან უკანასკნელ კომუნიკაციის დეტალებს ამხელს.
„პუტინის მთელ გარემოცვას, მათ შორის დიმიტრი პესკოვს, მშვენივრად ესმის რა ხდება. ჩემი აზრით, ისინი ამ ომის წინააღმდეგნი არიან. და ძნელია ეს არ შეამჩნიო: გამომეტყველებით, ფორმულირებით, ყველაფრით.
ტინკოვმა კომენტარი გააკეთა მის განცხადებაზე, რომ ომის დასასრულებლად დასავლეთმა უნდა გაუშვას პუტინი. მისი აზრით, პუტინი ახლა, კუთხეშია მიმწყვდეული და თუ დასავლეთი მას უსაფრთხოების გარანტიას მისცემს, შესაძლოა, ამან სისხლის ღვრის შეჩერებას ხელი შეუწყოს.
ტინკოვი თვლის, რომ შეცდომა დაუშვა, როცა პუტინს 2017 წელს, „სამეფოს ხელდასხმაზე“ ესაუბრა.
„შეცდომა დავუშვი. შემიძლია ერთხელ დავუშვა შეცდომა? შემიძლია ჩემს თავს ვაპატიო ეს? არასწორია. მოდი, ბოდიშს ვუხდი ყველას ამ ფრაზის გამო.“ - ამბობს მილიარდერი.
ტინკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთისთვის მონარქია მაინც მმართველობის საუკეთესო ფორმაა, ვინაიდან იქ დემოკრატია „ფესვს არ იკიდებს“.
ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ მეფემ და სამეფო ოჯახმა უნდა შეასრულონ ექსკლუზიურად წარმომადგენლობითი ფუნქციები. რეალური ძალაუფლება უნდა მიენიჭოს ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებით იქნება დაკავებული.
ტინკოვმა დასძინა, რომ ის პუტინთან „არასდროს მისულა“ და მას პირადად არ შეხვედრია. ერთადერთი შემთხვევა, როცა ის პირადად ნახა, 1999 წელს ტინკოვის რესტორანში მისვლისას იყო.
ამავდროულად, ბიზნესმენმა თქვა, რომ მან მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში 2012 წლის 5 მარტს პუშკინის მოედანზე - პუტინის არჩევის მეორე დღეს, როდესაც დაიწყო მისი მესამე საპრეზიდენტო ვადა“ - ამბობს ბიზნესმენი.