1734292387
რუსეთის უშიშროების საბჭომ ე.წ. "დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობას" მხარი დაუჭირეს - ბოლო სიტყვას პუტინი მოგვიანებით იტყვის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თავმჯდომარეობით მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი განიხილეს. აღნიშნული ცნობის თხოვნით რუსეთის ლიდერს სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა მიმართეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობას ერთხმად დაუჭირეს. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ ახსნა იმით, რომ უკრაინა ემზადება პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრისთვის.
„უკრაინამ იქ თავი მოუყარა შეტევით შეიარაღებას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა ფლობს. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ არავინ არ აპირებს შეასრულოს მინსკის შეთანხმება, არამედ ყველა ემზადება პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრისთვის. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, რომ ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა არჩევანი. მე ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ: დიახ, დიახ, ჩვენ უნდა ვცნოთ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
ვლადიმირ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობისკენ მოუწოდეს ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საგარეო დაზვერვისა სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ორივე პალატის ხელმძღვანელებმა, ვალენტინა მატვიენკომ და ვიაჩესლავ ვოლოდინმა და უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ დღეს მოგვიანებით თავად გამოაცხადებს.
შეიარაღებული კონფლიქტი დონბასელ სეპარატისტებსა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის 2014 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.
გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი დევნილად იქცა.
ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში კვლავ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.