მივესალმები კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის დროს გარკვეული რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს, პიროტექნიკა ზიანს აყენებს, როგორც ადამიანებს, ისე ინფრასტრუქტურას - დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის დროს გარკვეული რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების და მიმდინარე წლის ანალიზმა აჩვენა, რომ პიროტექნიკა, რომელიც მოძალადე ჯგუფების მხრიდან აქტიურად გამოიყენება, ზიანს აყენებს, როგორც ადამიანებს, ისე ინფრასტრუქტურას.

„საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მივესალმებით, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის დროს გარკვეული რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს. შეკრება-მანიფესტაცია უნდა იყოს მშვიდობიანი ხასიათის და თუ ის ძალადობრივ კატეგორიაში გადავა, ამ შემთხვევაში პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ბოლო დღეების და მიმდინარე წლის ანალიზმა აჩვენა, რომ პიროტექნიკა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოძალადე ჯგუფების მხრიდან, ძალიან დამაზიანებელია, როგორც ადამიანების მიმართ, ისე ინფრასტრუქტურის მიმართ. განსაკუთრებით პოლიციელების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან. გარდა ამისა, ნახეთ, რომ პარლამენტის შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ფაქტობრივად, წინა ფასადი და ჭიჭინაძის მხარეზე არსებული სამუშაო კაბინეტები განადგურებულია, ეს ყველაფერი სწორედ ამის შედეგი არის. ამიტომ ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც საქართველოს პარლამენტი ადგენს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.