1734292387
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია მაიოტაში ციკლონს ასობით ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ციკლონი „ჩიდო“ მაიოტას გასულ ღამეს დაატყდა თავს, შედეგადაც დაზიანდა დროებითი საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. „როიტერის“ ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, ათასობით ადამიანს აღწევდეს.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ბოლო 90 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი ციკლონია, რომელიც ამ ტერიტორიას დასტყდომია თავს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ციკლონის შემდეგ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთული იყო, რამაც ასევე გააჩინა შეშფოთება საკვების, წყლისა და სანიტარული პირობების ხელმისაწვდომობის შესახებ.
„მსხვერპლის დათვლა რთული იქნება, რადგან მაიოტი მუსლიმური მიწაა, სადაც გარდაცვლილებს 24 საათის განმავლობაში კრძალავენ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ განადგურდა აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირო კომოროდან მაიოტაში გადმოსული არალეგალური მიგრანტების დროებითი საცხოვრებლები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაიოტში 100,000-ზე მეტი არალეგალურად ჩასული ადამიანი ცხოვრობს.
მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„ჩემი ფიქრები ჩვენს თანამემამულეებთანაა მაიოტში, რომლებმაც გაიარეს ყველაზე საშინელი რამდენიმე საათი და ზოგიერთმა დაკარგა ყველაფერი, დაკარგა სიცოცხლე“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.