1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთ-უკრაინა ომის ზღვარზეა - რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ჯარის განთავსებას განაგრძობს.
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ აქტიურად მსჯელობს.
ამ დრომდე როგორც უკრაინაში, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავენ.
პირველის თანახმად, რუსეთი გამარჯვების მოპოვებას დაშინების გზით ცდილობს;
მეორე სცენარის მიხედვით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნაწილობრივ შეიჭრება, რაც საოკუპაციო არეალის გაფართოებასა და დონბასის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს.
მესამე სცენარით პირდაპირ კიევზე დარტყმა და ქვეყნის სრული ოკუპაციაა გათვალისწინებული.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“.
ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მურაევმა აღნიშნა, რომ ,,კომენტარის გასაკეთებელი აქ არაფერია“ და რომ ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსული სანქციები დაკისრებული.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთის საკვანძო ინდუსტრიების წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის ზომებს გამოიყენებენ.
„რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება - და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, თუ ისინი უკრაინაში შეიჭრებიან, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ,“- აღნიშნა ბაიდენმა.
ამ განცხადების პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ბაიდენის ფრაზა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის უკრაინაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციას „უმნიშვნელო შეჭრა“ უწოდა.
„თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ“,- განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში მკაცრ პასუხს გამოიწვევს.
„თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაადგილდებიან უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება ხელახალი შეჭრა, რასაც აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
კრემლში კი აცხადებენ, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს:
„ჯარების საკუთარ მიწაზე გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია და არ გაამძაფროთ დაძაბულობა დონბასის პრობლემის გარშემო“.
თუმცა, რუსეთი შიშობს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს.
კერძოდ, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის მუქარამ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, უკრაინის ზოგიერთ ლიდერს მცდარი იმედები მისცეს და მათ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარება ძალადობრივი მეთოდებით სცადონ.
დიმიტრი მოსკოვის განცხადებით, აშშ-ის განცხადებები ხელს არ უწყობს იმ დაძაბულობის განმუხტვას, რომელიც ევროპაში ახლა წარმოიშვა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს:
„ახლა მთელი საინფორმაციო სივრცე სავსეა ერთი და იგივე სახის ინფორმაციით, რომ რუსეთის შემოჭრა შეიძლება, დაიწყოს ხვალ. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს.
რა ხდება სინამდვილეში? ამ რეალობის წინაშე ხომ 8 წელია ვდგავართ, შეჭრა 2014 წელს დაიწყო. საფრთხე ახლა ხომ არ გამოჩნდა? ეს რისკები მრავალი წელია არსებობს და არ გაზრდილა, გაზიარდა აჟიოტაჟი. მნიშვნელოვანია ყველაფერზე გონივრულად რეაგირება და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გადავჭრათ დიპლომატიური გზით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინაში მშვიდობას მივაღწიოთ.
ჩვენმა ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით მოხუცებმა, ეს უნდა გაიგონ, უნდა ამოისუნთქონ და დამშვიდდნენ. არ გაიქცნენ წიწიბურისა და ასანთის საყიდლად. ყველა მედია უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალება და არა მასობრივი ისტერიის. აჟიოტაჟის ატეხვით მტერს ნუ დაეხმარებით.
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარებმა მობილიზება დაიწყეს. გასული წლის მიწურულს, გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებში ჩანდა, რომ რუსული ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრის დაშორებით მოძრაობდნენ.
19 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, რუსეთმა მათი რაოდენობა გააორმაგოს.
უკრაინის თავდაცვის უწყების მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინის საზღვართან 127 000 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.
კრემლში რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ზამთრის ყოველწლიური წვრთნებით ხსნიან და უკრაინაში შესაძლო ინტერვენციას უარყოფენ.
კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა 2014 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელებმა ევრომაიდანის გადატრიალება მოაწყვეს, გადააგდეს პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდნენ.
კიევის ეს ქმედებები მოსკოვის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რამაც დესტაბილიზაციის ახალი ტალღების დაწყება გამოიწვია.
რუსულმა დაზვერვამ დონბასის რეგიონში ხელი შეუწყო ჯერ სამოქალაქო არეულობის წახალისებას, შემდეგ კი ომის დაწყებას. უკრაინაში ადრეულ ეტაპზე მიმდინარე ოპერაციებში ჩართული იყო რუსული სპეცდანიშნულების რაზმების 6 ჯგუფი, რომელთაც „მწვანე კაცუნებად” მოიხსენიებდნენ, რადგან სამხედრო უნიფორმებზე არანაირ ნიშანს ატარებდნენ, რითაც თავს არიდებდნენ კონვენციურ ომში ჩართვას. დონბასში ომის დაწყებამდე, მოსკოვმა, მწვანე კაცუნების დახმარებით, ყირიმის ანექსია შეძლო. ამჟამად, საინტერესო სწორედ ისაა, აპირებს თუ არა მოსკოვი უკრაინასთან კონვენციურ, ღიად გამოცხადებულ ომს.
მალევე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებმა კიევისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 2015 წელს უკრაინასა და რუსეთში შორის მინსკში დადებული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი კვლავაც გრძელდება. გაეროს მონაცემების მიხედვით, 2014 წლის მარტის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, სამხედრო დაპირისპირებას 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.