ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი შემართებისკენ მოვუწოდებდი. მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.  

„ყოველგვარი ოკუპაცია მიუღებელია და ვგმობთ, მათ შორის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ყველა სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თავის ტერიტორიას და ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ის მოექცევა მკაცრი სანქციების ქვეშ და ძვირად დაუჯდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის და ჩვენი ცალკეული ლიდერების მხრიდან გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები. რადიკალურ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს თუ სჭირდებათ, თავი გამოიჩინონ, მათი პრეროგატივა და მათი უფლებაა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, მმართველი პარტია და გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობები ჩვენს განცხადებებთან მიმართებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა სახელმწიფო, ვინც მეორე სახელმწიფოს ტერიტორიას, სუვერენიტეტს უგულებელყოფს, იქნება მკაცრად დასჯილი საერთაშორისო მეგობრობისგან. რადიკალურ ოპოზიციას ფანტაზიები აქვთ, ხან ის და ხან ეს გადაკეტონ. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს ვუფრთხილდებით. ვუფრთხილდებით ჩვენი პარტნიორების ინტერესებს და ამიტომ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს, რაც სამართლიანი, შესაბამისი და ადეკვატურია.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვაცხადებთ, რომ ოკუპანტია რუსეთი. საერთაშორისო ტრიბუნაზე, საერთაშორისო მისიებში ყველგან ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. როცა უმრავლესობა და პარლამენტი შეიკრიბება, რეზოლუციას მივიღებთ. ჩვენ გვქონდა 2008 წელი და მხდალი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა ჯარი, გამორბოდა და გორის მიწას ცხვირით ხნავდა“, – განაცხადა ზარქუამ.