რუმინეთის მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა თავი აარიდა პასუხს, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მეორე ტურში

კრინ ანტონესკუ

რუმინეთის მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა თავი აარიდა პასუხს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მეორე ტურში.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ანტონესკუმ აღიარა, რომ არჩევნების შედეგი შეუქცევადია.

„მოქალაქეებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს. ვფიქრობ, ამ გამოცდიდან აწეული თავით გამოვდივარ. ხალხის ხმა პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ანტონესკუმ.

ამავე დროს, კრინ ანტონესკუმ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, ვის უჭერს მხარს მეორე ტურში.

„თქვენ, ალბათ, გსურთ ჩემგან მოისმინოთ, ვის უნდა დავუჭირო მხარი მეორე ტურში. არ ვიცი, რას გააკეთებს კოალიცია, მე არ ვიყავი მისი წევრი. წარმოვადგინე პროგრამა, გარკვეული იდეები, ზოგიერთმა ადამიანმა ხმა მომცა. მე მოვუწოდებ მათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რომელ კანდიდატთანაა თავსებადი ის იდეები, რომლებიც მე წარმოვადგინე. მოვუწოდებ მათ, არ დარჩნენ სახლში და მოვუწოდებ ყველას, ვინც დღეს ხმა მომცა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კრინ ანტონესკუმ.

ანტონესკუმ აღნიშნა, რომ თავად არ აქვს რაიმე ვალდებულება რომელიმე პარტიის წინაშე.

„ცხადია, რუმინელებმა ყოველთვის უკეთესად იციან, ვის მისცენ ხმა. მე არანაირი რეკომენდაცია არ მაქვს“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, 4 მაისს რუმინეთში განმეორებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომლის შედეგადაც გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჯორჯე სიმიონმა. მან ხმების 40,6%- ი მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის ლიბერალი მერი ნიკუშორ დანი – 21%-ით. როგორ დანმა განაცხადა, არჩევნების მეორე ტური იოლი არ იქნება.