რომის პაპი: გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს, დღეს მსოფლიოში ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ვფიქრობ, ვინმემ უნდა თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა

რომის პაპი ლეო XIV

მე გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს, – ასე გამოეხმაურა რომის პაპი ლეო XIV დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპი გააკრიტიკა.

„როიტერთან“ ინტერვიუში რომის პაპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირი კრიტიკის მიუხედავად, ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.

„არ მსურს მასთან დებატებში შესვლა. არ ვფიქრობ, რომ სახარების გზავნილი უნდა იყოს გამოყენებული ისე, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი აკეთებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა ლეო XIV-მ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა და ამ პოზიციას არ შეცვლის.

„გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას, დიალოგისა და მრავალმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას ქვეყნებს შორის, რათა პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტები მოიძებნოს“, – განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

„დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. ვფიქრობ, ვიღაც უნდა წამოდგეს და თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა“, – განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი, საშინელია. მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.