როგორ გამოიყურება პუტინის ყოფილი ცოლის მდიდრული სასახლეები - POLITICO ვრცელ სტატიას აქვეყნებს

პუტინის ყოფილი ცოლი

გამოცემა Politico ვლადიმერ პუტინის ყოფილი ცოლის და მისი ამჟამინდელი ქმრის ქონების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი იკვლევდა მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას - ირკვევა, რომ ლუდმილა ოჩერეტნაიამ, ვლადიმერ პუტინთან განქორწინების შემდეგ, მის ახალ მეუღლესთან, არტურთან ერთად, დიდი ოდენობით უძრავი ქონება დააგროვა ევროპის მასშტაბით.

წყვილის ქორწინება 2015 წელს შედგა და დიდი ხნის მანძილზე საიდუმლო იყო მანამ, სანამ ჟურნალისტები აღმოაჩენდნენ, რომ ქალმა გვარი შეიცვალა და 20 წლის უმცროსი მეუღლის გვარზე გადავიდა.

სტატიის დასაწყისში აღწერილია ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელას სანაპიროდან 20 წუთის სავალზე არსებული მდიდრული აპარტამენტი, სადაც ჟურნალისტს დახვდა მამაკაცი, რომელმაც თავი არტურ ოჩერეტნის პარტნიორად გააცნო. აქვე ვკითხულობთ, რომ კაცი ქონების გაყიდვით არის დაინტერესებული.

სტატიის მიხედვით, იგივე რეგიონში ოჩერეტნაია და მისი მეუღლე ფლობენ მეორე აპარტამენტსაც. პირველი არტურ ოჩერეტნიმ 2011 წელს 800 ათას, ხოლო მეორე კი 2014 წელს 1 მილიონ ევროდ შეიძინა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქონება ამ დრომდე მის საკუთრებაშია.

მარბელა ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსული ფულის ე.წ. მაგნიტი გახდა. ოფიციალურად აქ 3 ათასამდე რუსი ცხოვრობს, რეალური ციფრი კი გაცილებით მეტი უნდა იყოს. მარბელაში ოჩერეტნების მეზობლები არიან მსახიობები ჰიუ გრანტი და შონ კონერი, ასევე, საიმონ კოუელი და სირიის პრეზიდენტის, ასადის ბიძა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რთული მისახვედრი არ არის,  თუ რატომ ცდილობენ ოჩერეტნები ქონების გაყიდვას. ისინი ჯერჯერობით ევროკავშირს არ დაუსანქცირებია, თუმცა ეს უკვე გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა, შესაბამისად, სიტუაცია შეიძლება მალევე შეიცვალოს.

სტატიაში ასევე საუბარია კიდევ ერთ ადგილზე, სადაც პუტინის ყოფილი ცოლი ქონებას ფლობს და ეს ადგილი შვეიცარიაა. დავოსში არსებული ბინა მისმა ახლანდელმა მეუღლემ ქორწინების პერიოდში, 2015 წელს 3 მილიონ ევროდ შეიძინა. მეზობლები, რომლებიც POLITICO-ს ჟურნალისტმა გამოკითხა, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ამ ქონებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს რუსულ ფულთან.

"არ მადარდებს ჩემი მეზობელი კლეპტოკრატია თუ არა. არ მომწონს რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, მაგრამ მათ უფლება აქვთ აქ ბინა იქონიონ", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

პუტინის ყოფილი მეუღლის ამჟამინდელი ქმრის პორტფელის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია საფრანგეთში, საკურორტო ქალაქ ბიარიციდან 6 კილომეტრში მდებარე მდიდრული ვილა "სუზანა", თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ, აქ ომის დაწყების შემდეგ ვილის მფლობელები არ შეუნიშნავთ.

როგორც გამოცემა წერს,  1-წლიანი უყურადღებობა სახლს და მის ეზოსაც ემჩნევა.

ესპანეთში და შვეიცარიაში არსებული სახლებისგან განსხვავებით, ვილა "სუზანას" რუსული ფულისადმი შეცვლილი დამოკიდებულება ნამდვილად ეტყობა. მისი გალავნის კედლებზე უცნობმა პირმა ანტი-პუტინისტური და პრო-უკრაინული წარწერები დაიტანა - აღნიშნულია სტატიაში.

ოჩერეტნაია და პუტინი ჯერ კიდევ 1983 წელს დაქორწინდნენ, მაშინ როცა რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი სუკ-ის დაბალი რანგის ოფიცერი იყო, თავად ლიუდმილა კი "აეროფლოტის" ბორტგამცილებელი.