რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინას ომის გაგრძელება აძლევს ხელს, რადგან ქვეყანა „ამის ხარჯზე ცხოვრობს“

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინას ომის გაგრძელება აძლევს ხელს, რადგან ქვეყანა „ამის ხარჯზე ცხოვრობს“. ამის შესახებ მან პარლამენტის დეპუტატებს უთხრა, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გამგზავრებამდე.

ასევე, ფიცოს თქმით, ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდეს, ხოლო ლიდერების შეხვედრები სამხედრო საბჭოების თათბირებია. რობერტ ფიცოს განცხადებით, ის ბრიუსელში სამიტზე უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის განახლების საკითხს დააყენებს.

„მე არ შევალ დეტალებში, რადგან ფორმულირებები ყოველწუთიერად იცვლება, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ვფიქრობ, დასკვნებში მითითებული იქნება, რომ ევროკომისიამ სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად უნდა იპოვოს უკრაინის ავლით გაზის ტრანზიტის აღდგენის გზა. თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს დასკვნების ბლოკირების მიზეზი“, – განაცხადა ფიცომ.

მისივე თქმით, თუ ევროკავშირის ლიდერების სამიტის გადაწყვეტილებაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარი არ იქნება, მაშინ ის ამ გადაწყვეტილებებს დაბლოკავს.

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში ევროპის თავდაცვის გაძლიერებისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.