1756669954
REUTERS: პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიმავალი სი ძინ პინი და ვლადიმერ პუტინი ბიოტექნოლოგიებზე, ორგანოების გადანერგვასა და 150 წლამდე ასაკამდე ცხოვრების შესაძლებლობაზე საუბრობდნენ

პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიმავალი სი ძინ პინი და ვლადიმერ პუტინი ბიოტექნოლოგიების განვითარებაზე, ორგანოების გადანერგვისა და ადამიანების 150 წლამდე ასაკამდე ცხოვრების შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.
როგორც „როიტერი“ წერს, ლიდერების საუბრის ფრაგმენტები ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირების დროს ეთერში მოხდა. ტრანსლაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV უზრუნველყოფდა.
ეს საუბარი პუტინსა და სი ძინპინს შორის მაშინ შედგა, როდესაც ისინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ერთად მსოფლიო ლიდერების დელეგაციის სათავეში ტიანანმენის მოედანზე მიემართებოდნენ, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართებოდა. ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები თარჯიმნის დახმარებით საუბრობდნენ.
კადრებში ისმის, რომ ჩინეთის ლიდერის თარჯიმანი რუსულად ამბობს: „ადრე ადამიანები იშვიათად ცოცხლობდნენ 70-წლამდე, ახლა კი 70 წლისა ჯერ ბავშვი ხარ“. პუტინის თარჯიმანი ჩინურად ამბობს: „ბიოტექნოლოგიები განუწყვეტლივ ვითარდება“, გაურკვეველი ფრაგმენტის შემდეგ კი ამატებს – „ადამიანების ორგანოების გადანერგვა მუდმივად შესაძლებელია. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ, უფრო ახალგაზრდავდები და შესაძლებელია უკვდავების მიღწევაც“.
აღნიშნულზე ისმის სი ძინპინის პასუხი: „ზოგი პროგნოზირებს, რომ ამ საუკუნეში ადამიანებმა შესაძლოა, 150 წლის ასაკამდე იცოცხლონ“.
CCTV-ის ჩანაწერში პუტინის რუსულად მკაფიოდ საუბარი არ ისმის.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ კომენტარის გაკეთება სთხოვა რუსეთის მთავრობას, ასევე ჩინეთის საგარეო უწყებასა და CCTV-ს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020