რა არის კლიმატის ფენომენი ლა-ნინია და როგორი იქნება ამინდი პლანეტაზე - ახალი კვლევა

კლიმატის ცვლილება

წყნარ ოკეანის ეკვატორულ ნაწილში კლიმატის ფენომენ ლა-ნინიას (La Niña) განვითარება დაიწყო, რომელიც კლიმატური ციკლის ბუნებრივი მოვლენაა და მთელს პლანეტაზე ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს იწვევს - ამის შესახებ აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებაში წერია, რასაც EuroNews ავრცელებს.

კლიმატოლოგების ცნობით, წლევანდელი ლა-ნინია სიურპრიზებით დაიწყო, კერძოდ, ამინდის ეს მოვლენა ჩვეულებრივზე მოკლე და სუსტი იქნება.

ლა-ნინია რეგულარულად წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩნდება, როცა სტაბილური აღმოსავლეთის ქარი თბილ წყალს პერუსა და ჩილეს სანაპიროებიდან ინდონეზიისა და ავსტრალიისკენ მიმართავს. შედეგად, ცივი წყალი ზღვის სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის და რეგიონში სიცივე დგება.

სინოპტიკოსების განცხადებით, ლა-ნინიას გამო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოვიდეს. ლა-ნინია, ასევე, ატლანტის ოკეანეში ქარიშხლის აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ლა-ნინია მოსალოდნელზე გვიან დადგა და ზამთრის დადგომამდე გაძლიერება ვერ მოასწრო. მეცნიერები თვლიან, რომ ლა-ნინია აპრილამდე გაგრძელდება და თუ მარტამდე დასრულდა, მას დაკვირვების ოფიციალურ ისტორიაში არ შეიტანენ. გაგრძელება