1738930726
„ის არის ერთი წინადადების გამო დაჭერილი, სადაც ადამიანებს მოუწოდებს არ გაერიონ ამ ჩხუბში“ - „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა. კიდევ 4-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 ე.წ. კანონიერი ქურდია - ესენი არიან ჯეირან კინწურაშვილი, კაკო ტუღუში, იგივე "ენცო" და მამუკა ჩხაბერიძე მეტსახელად "ხონსკი."
რაც შეეხება დაკავებულების ადვოკატების პოზიციას, ინტერესების დამცველების თქმით, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს.
"სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, ვერ ვნახე ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას დაადასტურებს. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ის არის ერთი წინადადების გამო დაჭერილი, სადაც ადამიანებს მოუწოდებს, რომ არ გაერიონ ამ ჩხუბში და მშვიდობიანად იცხოვრონ. მხოლოდ და მხოლოდ ამ წინადადების ავტორია ადამიანი, რომელსაც მე ვიცავ და გაოცებული ვარ რატომ არის დაკავებული ეს ადამიანი", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
"საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც პროკურორი შეძლებს ამ სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე დანაშაულის დამტკიცებას. მე ველოდები, რომ ამ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი," - აღნიშნავს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ისინი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ და ე.წ. გარჩევებს აწყობდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ტექნიკა, რითაც კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ, ასევე, იარაღები და მარიხუანა.