იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1738958518
40 წლის მამაკაცი „პრაიმტაიმს“ საოჯახო ფოტო ალბომს აჩვენებს. კადრები არასრულწლოვან შვილთან ერთად გატარებულ საუკეთესო მომენტებს ასახავს. მამას 8 წლის ვაჟი, უკვე 5 თვეზე მეტია, არ უნახავს. ამბობს, რომ ბავშვი დედამ მისი თანხმობის გარეშე ქვეყნიდან გაიყვანა და მასთან ყოველგვარი კონტაქტი შეუზღუდა.
ს.ბ გვიყვება, რომ დაშორების შემდეგ, 1 წელი, ის და მისი ყოფილი მეუღლე შვილის ნახვის დღეებს იყოფდნენ. ერთი კვირის განმავლობაში, 4 ღამე ბავშვი მასთან იყო, 3 ღამე - დედასთან, შემდეგი კვირა - პირიქით. მერე, როცა ყოფილმა ცოლმა თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივად შეძენილ ბინაზე „პრეტენზიის არქონის მიზნით“ და მიზერული თანხის სანაცვლოდ, ნოტარიუსთან ხელმოწერა მოსთხოვა, ის დათანხმდა.
და აქედან დაიწყო პრობლემები ბავშვის დროის გაყოფასთან დაკავშირებით…
„ბავშვს აღარ უშვებდა ჩემთან, რამდენი ხანიც უნდოდა, იმდენ ხანს იტოვებდა და მოულოდნელად გამომიწერა სრულიად დაუსაბუთებელი შემაკავებელი, რომ თითქოს მასთან თანაცხოვრების პერიოდში მე მასზე ვძალადობდი და ფულს ვძალავდი. მოგეხსენებათ, როგორი საშინელი კანონი გვაქვს, საკმარისია, ცოლმა ქმარზე პოლიციაში რამე ცუდი განაცხადოს და არც მტკიცებულება სჭირდება, არც მოწმე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შვილის ნახვის და წამოყვანის უფლება მქონდა, ამის საშუალება არ მომცა, მთელი თვით, მეგობრის სახლში, კახეთში გადამალა ბავშვი“.
ახლა ყოფილ ცოლ-ქმარს სასამართლოში არაერთი დავა აქვს. სარჩელი თავდაპირველად დედამ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე და ალიმენტის მოთხოვნაზე შეიტანა. მოსამართლემ დედის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„2021 წელს სასამართლომ პირველივე პროცესზე, ზუსტად ნახევარ საათში, გამოიტანა მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება. მოსამართლე მაია კუთხაშვილს არც ბავშვისთვის უკითხავს აზრი, არც ფსიქოლოგი ჩართულა ამ პროცესში. იმავდროულად, მეც შევიტანე დღეების განსაზღვრაზე შესაგებელი, ვითხოვდი, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო 5 დღის განმავლობაში. ჩემი ეს სარჩელი არ განიხილა და თქვა, რომ სისტემაში არ უჩანდა. დასახელებული სისტემური ხარვეზის გამო მოსამართლემ ჩემი საპასუხო საჩივარი არ განიხილა და, რადგან პროგრამაში მხოლოდ დედის მხარის ჩანდა, ის დააკმაყოფილა. რა გამოდის, მე, ადვოკატიც რომ არ მყოლოდა, საერთოდ არ უნდა დაინტერესებულიყო ჩემით? არ უნდა გაერკვია ბავშვს რა სურდა? ფსიქოლოგის დასკვნა არ უთხოვია და ასე ზედაპირულად, ნახევარ საათში მიიღო გადაწყვეტილება.“
ბოლო 4 წლის განმავლობაში ბავშვი ჩემთან მხოლოდ ორ დღეს ატარებდა. არცერთი კვირა ისე არ ყოფილა, რომ ბავშვი არ წამომეყვანა. ყოველ პარასკევს და შაბათს ჩემთან იყო. ბავშვის დედა არდადეგებზეც სულ მაწვალებდა, როცა მას მოუნდებოდა, მხოლოდ მაშინ მატანდა შვილს. სააპელაციოს იმედი მქონდა, რადგან ასეთი პროცედურული დარღვევა მოხდა პირველ ინსტანციაში, ვიმედოვნებდი, სააპელაციო მაინც მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას, თუმცა, სააპელაციომ საქალაქო მოსამართლე თეა ნიკოლაიშვილი-სოხაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ბავშვიც გამოკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, სურდა ჩემთან მეტი დროის გატარება, ეს სასამართლომ არ მიიღო,“ - გვიყვება რესპონდენტი.
ს.ბ ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დედამ 8 წლის ვაჟის საზღვარგარეთ გაყვანა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სცადა. მამამ ამაზე უარი განაცხადა, თუმცა სასამართლომ დედას ბავშვთან ერთად ქვეყნის დატოვების უფლება ორი კვირით მისცა.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში დედა ბავშვს ოთახში კეტავდა და მასთან საუბრის საშუალებას არ აძლევდა.
საქმეში დევს სამხარაულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც ვკითხულობთ:
„დედასთან ერთად დიდად არაფერს ვაკეთებ. დედა კომპიუტერში მუშაობს. სკოლიდან დედამ გამომიყვანა. შევჭამ და მერე ოთახში მკეტავს. მერე, ცოტა ხანში ვიძინებ. გასაღებით კეტავს კარს და ვერ გავდივარ. ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად ხდება. მარტო რომ ვარ ჩაკეტილი, მამასთან მინდა ხოლმე წასვლა. ჩემი აზრით, ოთახში ჯინაზე მკეტავს ხოლმე დედა...“
მამის ინტერვიუ:
„ბავშვი მეუბნებოდა, რომ დასჯის მიზნით დედა ოთახში ხშირად კეტავდა. კეტავდა მაშინაც, როდესაც მათთან სახლში სტუმრები მიდიოდნენ. ძალიან ცუდად ვარ მაგ დროს, ვტირი და განვიცდი. არ მაძლევდა საშუალებას, რომ ბავშვს ჩემთან დაერეკა. კომუნიკაციას ყველანაირად უზღუდავდა. ბავშვი მეუბნებოდა: „აღარ მინდა დედასთან,“ „აღარ მინდა დედაჩემთან წასვლა.“ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ბავშვი ორი კვირა ჩემთან იყო. როდესაც წასაყვანად მოვიდა, ბავშვი აღარ მიყვებოდა. უთხრა, რომ მასთან აღარ წავიდოდა. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ პოლიცია გამოიძახა. ბავშვმა ეს ყველაფერი მოყვა და დედას ბავშვის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. გამოწერილი ორდერი სასამართლოში გაასაჩივრა. სოციალური სამსახურის ფსიქოლოგის, შორენა მაისურაძის მიკერძოებული დასკვნის საფუძველზე გამოწერილი ორდერი, არათუ გააუქმეს, ჩემს წინააღმდეგ დამცავ ორდერზე შეიტანეს საქმე. აქ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც პირველ პროცესს ვიგებდი და მოსამართლე თამარ მეშველიანი მწვავე კითხვებს უსვამდა შორენა მაისურაძეს, ჩემი ყოფილი ცოლი ტირილით გავარდა დარბაზიდან და მისმა მეგობრებმა - ნინია კაკაბაძემ და ნინო დანელიამ პირველი რაც უთხრეს ხმამაღალი რეპლიკის სახით, იყო - „ქალო, ხომ გეუბნებოდით გერმანიის მერე ბავშვი აღარ უნდა გაგეშვაო“ - ეს ყველამ გაიგო დარბაზში.
ამის შემდეგ, ჩემი ყოფილი ცოლი მივიდა „რადიო თავისუფლებაში“, სადაც წლების განმავლობაში გოგი გვახარიას პროდიუსერად მუშაობდა და თავისი მეგობრის ცოლს ეკა ქევანიშვილს ცილისწამებებით და ტყუილებით სავსე სტატია დააწერინა. მისმა „უახლოესმა მეგობარმა“ გოგი გვახარიამ კი მაშინვე გააზიარა ეს სტატია და მთელ თავის სანაცნობოს მოუხმო დასახმარებლად. იმავე დღეს გადაცემაც კი მომიძღვნეს ლაშა ბუღაძემ და ქეთი დევდარიანმა. მოკლედ, ამიგორეს ბინძური კამპანია. მაშინვე აიყვანეს ახალი ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი, რომელიც იურისტთა ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარეა და მოსამართლეებს კარგად იცნობს თავისივე ჩატარებული ტრენინგებიდან… და საქმეც სათავისოდ შემოაბრუნეს. მოსამართლე თამარ მეშველიანმა არაფრად არ ჩააგდო სამხარაულის დასკვნა, რომელიც სრულიად წინააღმდეგობაში იყო მაისურაძის დასკვნასთან, არ დააკმაყოფილა ჩემი ადვოკატის მოთხოვნა სასამართლო წესით ბავშვის დაკითხვასთან დაკავშირებით და 3 თვიანი დამცავი ორდერი გამომიწერა.
სოციალური სამსახურის ფსიქოლოგმა შორენა მაისურაძემ ერთი თვის განმავლობაში ოთხი დასკვნა დადო, რაც სრულიად წარმოუდგენელი ფაქტია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს მხოლოდ ერთხელ გაესაუბრა პოლიციაში ოქმის შედგენის დროს. ოქმის შედგენის მეორე დღეს, პროცედურულად, ბავშვი წაიყვანეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ჩაუტარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.
ფსიქოლოგი და სოციალური სამსახურის წარმომადგენელი რამდენჯერმე იყვნენ ჩემთან ვიზიტზე. ბავშვს არასდროს არ გასაუბრებია ფსიქოლოგი, თუმცა სისტემატურად ცდილობდა ჩემს დადანაშაულებას, რომ თითქოს ბავშვზე ზემოქმედებას ვახდენდი და რომ დედა უფრო მნიშვნელოვანია. ამ დროს ვეუბნებოდი, რომ ორივე მშობელი თანაბრად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.
სასამართლოში ფსიქოლოგი გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ბავშვი იტყუება. დასძინა : „იქნებ ბავშვს ჰგონია, რომ როდესაც მშობელი ღამით მარტო ტოვებს ოთახში, ეს აღიქმება ჩაკეტვად“, და თითქოს მე შთავაგონებდი ბავშვს, რომ ეს ყველაფერი ეთქვა.
სასამართლოზე დავსვი კითხვა: ამდენი დასკვნა რის საფუძველზე დადო, ჯერ მხოლოდ სამი დასკვნა ჰქონდა დაწერილი, მაშინ როცა ბავშვს საერთოდ არ გასაუბრებია? ამის პასუხად მოვისმინე, რომ მას არ მიეცა ბავშვთან გასაუბრების საშუალება. როდესაც მოსამართლემ იკითხა, მოითხოვა თუ არა ბავშვთან გასაუბრება, უპასუხა, რომ არა, ვერც უარყო.
ჩვენთანაც, როცა მოდიოდა სახლში, ბავშვს არასდროს ეკონტაქტებოდა, რადგან აშკარად იცოდა მისი აზრი. ფსიქოლოგმა შორენა მაისურაძემ დამცავი ორდერის პროცესზე თქვა, რომ მისი ვიზიტების მიზანი არ იყო ბავშვთან გასაუბრება, არამედ მხოლოდ ბავშვის ქცევებზე დაკვირვება, და ეს მას მისთვის სრულიად საკმარისი იყო. ფაქტობრივად, აიხლართა თავის სიტყვებში.
ამ ყველაფრის შემდეგ, მეოთხე დასკვნა შვებულებაში გასულმა ფსიქოლოგმა პირდაპირ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს მიაწოდა (კონსტანტინე გელაშვილმა დამცავის ერთ-ერთ პროცესზე თავად განაცხადა, რომ მაისურაძისგან ელოდებოდა ახალ დასკვნას, არადა შვებულება უკვე დაწყებული იყო იმ დროს), მინდა განვმარტო, რომ როდესაც ფსიქოლოგი შვებულებაში გადის მას უფლებამოსილება ეზღუდება. გამოდის, რომ კანონი დაარღვია. ეს მეოთხე დასკვნა იმითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ შორენა მაისურაძემ ჩემს წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი რომ ვერ იპოვა, საბჭოთა კავშირის მეთოდი გამოიყენა და ფსიქიკურად შეშლილად გამომაცხადა, რაც სრულიად არღვევს საქართველოს კანონს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ფსიქოლოგს არ აქვს უფლება ფსიქიატრიული დასკვნა დადოს და ფსიქიატრიც რომ ყოფილიყო, ამაზე პაციენტის ნებართვაა საჭირო.
ფსიქოლოგთან ბავშვი ამბობდა, რომ ჩემთან ყოფნა სურდა, თუმცა ფსიქოლოგმა ეს მხედველობაში არ მიიღო და დასკვნაში ჩაწერა, რომ თითქოს არასრულწლოვანი მამის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იყო.
დამცავი ორდერის გამოტანიდან მეორე დღესვე ბავშვის ჩემგან წასაყვანად სოციალურ სამსახურთან და პოლიციასთან ერთად მოვარდნენ დედის მეგობრებიც: ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია. ორი საათის განმავლობაში ბავშვს ეჭიდავებოდნენ, ატირეს, აწვალეს. ბავშვს წასვლა არ უნდოდა. არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბავშვს უთხრეს: თუ დედაშენს არ გაჰყვები, მამაშენს დაიჭერენო, დააშინეს. ბავშვი გადამეფარა. თან დედამისმა მოატყუა 2 დღეში დაბრუნდები მამასთანო (მტკიცებულების სახით არსებობს ამის ვიდეო ჩანაწერი.) ამ პირობით გაჰყვა ბავშვი დედას. ფსიქოლოგები დაადასტურებენ, რომ ბავშვისთვის მსგავსი რამის თქმა არის დანაშაული. ამით ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებ ბავშვს. სასამართლოს მიერ გამოწერილი დამცავი ორდერის მიხედვით, ბავშვთან 2 თვის თავზე კომუნიკაციის საშუალება უნდა მქონოდა. თუმცა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ყველგან დამბლოკა - მეც და ჩემი ნათესავებიც. სატელეფონო კომუნიკაცია ვერ დავამყარე. 13 დეკემბერს ყველანაირი შეზღუდვა მომეხსნა. მივედი სკოლაში და ბავშვი არ დამხვდა. სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ დედამ ბავშვი 9 დეკემბრიდან უცხოეთში, საშობაო არდადეგებზე წაიყვანა და 20 დეკემბერს ჩამოიყვანდა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პერიოდი იყო და არც სასამართლოს ნებართვა არ ჰქონია. თუმცა, რადგან ბავშვს პასპორტი უკვე ჰქონდა, ამ გზით მოახერხა მასთან ერთად ქვეყნის დატოვება. 23 დეკემბერს ისევ მივედი სკოლაში, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღე, სად იყო ჩემი შვილი. ვცადეთ გარკვევა, მისმა ადვოკატმაც არ გვითხრა ბავშვის ადგილსამყოფელი, მარტო ის თქვა, რომ ზამთრის „პრაზდნიკების“ მერე ჩამოვლენ .“
„ასევე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია ბავშვის დედის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და დაინიშნა არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო გასული წლის 26 დეკემბერს და რომლის შედეგსაც ელოდებოდა ზემოთ ხსენებული ორივე სასამართლო.
ხოლო ბავშვის დედამ შეგნებულად, მაშინ, როცა მამის დამცავ ორდერს ვადა გაუვიდა, გაიყვანა ბავშვი საზღვარგარეთ, უგულებელყო სასამართლოს განჩინება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე და ბავშვი გადამალა. ჩვენ მივმართეთ პოლიციას და ვითხოვთ დედის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რადგან სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა“, - ამბობს ს.ბ-ს ადვოკატი ქრისტინე ჩხიკვაძე.
როგორც ცნობილი ხდება, დედა ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და შვილი ადგილობრივ სკოლაში მიიყვანა.
„გავიდა „პრაზდნიკებიც“ და სასამართლოში მოვიდა წერილი, რომ ბავშვი 13 დეკემბერს ჩარიცხეს გერმანიის სკოლაში, მაშინ როცა 9 დეკემბერს წაიყვანა საზღვარგარეთ. რომ გვეუბნებოდნენ, ბავშვი საშობაო არდადეგებზეა, გვატყუებდნენ. მანამდე თუ ფუთავდნენ, რომ დროებით ჰყავდა წაყვანილი ბავშვი, ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. ახლა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე ნებართვას ითხოვს. ცალკე სარჩელი აქვთ შეტანილი, რომ ბავშვის უფლებები ჩამომერთვას. ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ.
როგორც აღმოჩნდა, კანონი შეუცვლიათ და თუ ბავშვის პასპორტი აქვს ერთ-ერთ მშობელს, მეორე მშობლის ნებართვის გარეშე შეუძლია საზღვარგარეთ გაყვანა. ამით ისარგებლა ბოროტად. იუსტიციის სამინისტროშიც ვიყავი, ბავშვთა გატაცების დეპარტამენტში ვესაუბრე სპეციალისტს, რომელმაც მითხრა, რომ ქვეყანაში ბავშვთა გატაცებების ბუმია, სწორედ ამ აბსურდული კანონის გამო. ეს კანონი სრულიად წინააღმდეგობაშია ჰააგის კონვენციასთან და ჩვენივე კანონმდებლობასთან, რომელიც იძახის, რომ თუ ერთ-ერთი მშობელი, განქორწინებულები არიან თუ არ არიან, უზღუდავს მეურვეობის უფლებებს ან ნახვის უფლებას, ეს არის გატაცება. ბავშვი მთელი ამ დროის განმავლობაში არის გატაცებული“, - ამბობს რესპონდენტი ს.ბ.
„ა/წ 13 იანვარს ბავშვის დედამ მიმართა სასამართლოს მამის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით, რათა მას შეეძლოს მამის თანხმობის გარეშე ბავშვის ბერლინის სასწავლო დაწესებულებაში შეყვანა, რაზედაც 23 იანვარს სასამართლოსგან მიიღო უარი, ხოლო ჩვენი შუამდგომლობა, მამის თანხმობის გარეშე ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნის თაობაზე დაკმაყოფილდა, ასევე ამავე განჩინებით დადგინდა მამის შვილთან კომუნიკაციის ფორმაც და დედას დაევალა სასამართლოზე ბავშვის წარდგენა.
მიუხედავად ამისა, დღემდე დედა არ ასრულებს სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, არ შემდგარა მამა-შვილს შორის კომუნიკაცია, დედას დაბლოკილი აქვს ჩემი მარწმუნებლის ნომერი, არ აბრუნებს ბავშვს საქართველოში.
ამის თაობაზე მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უკვე მუშაობს არასრულწლოვნის საქართველოში დაბრუნების საკითხზე გერმანიის შესაბამის უწყებასთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში.
რაც შეეხება სოციალურ სამსახურს, მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, დაგვხმარებოდნენ სასამართლოს არაერთი განჩინების აღსრულებაში, ისინი მიიჩნევენ,რომ არ განეკუთვნება საკითხი მათ კომპეტენციას და 2024 წლის 13 სექტემბრის შემდეგ, როცა მოხდა ბავშვის იძულების წესით მამის საცხოვრებლიდან გაყვანა, მათ ბავშვის მდგომარეობა არ უკითხავთ, არ დაინტერესებულან როგორი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დედასთან ცხოვრების პირობებში. დამცავი ორდერის ვადის გასვლის შემდეგაც არაფერი გაუკეთებიათ, რომ მამასა და შვილს შორის კავშირი აღდგეს. გასული წლის ზაფხულში კი, როცა დედას ჰქონდა შვილის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი, ს.ბ.-ს თითქმის ყოველდღე აკითხავდნენ, იბარებდნენ ან ურეკავდნენ და ჩემი მარწმუნებელიც პატიოსნად ემორჩილებოდა მათ მოთხოვნებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ს.ბ. -მ ბავშვი 1 კვირით სვანეთში წაიყვანა დასასვენებლად და იქაც ჩააკითხეს. ახლა კი, უკვე 5 თვეა, არაფერს აკეთებენ. რა არის ეს, თუ არა მიკერძოება?!” - ამბობს ს.ბ-ს ადვოკატი ქრისტინე ჩხიკვაძე.
„სულ დავდიოდით ლაშქრობებში კარვით, არაგვზე - სათევზაოდ, ველოსიპედებით ხშირად ვსეირნობდით. ცურვა და ინგლისური ვასწავლე. რაც კი რამე საბავშვო ლიტერატურაა, თითქმის ყველაფერი გვაქვს ერთად წაკითხული. ოღონდ არ გეგონოთ, რომ მარტო მე ვასწავლი, მეც უამრავ რამეს ვსწავლობ ჩემი შვილისგან. ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ჩემი მოვალეობაა, არამედ, იმიტომ, რომ მსიამოვნებს ჩემ შვილთან გატარებული ყოველი წუთი. ოთხ წლამდე მე ვზრდიდი, რადგან დედას დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მაშინ როცა მე თავისუფალი გრაფიკი და რამდენიმე შემოსავლის წყარო მაქვს, ფრილანსერი ფოტოგრაფი და თარჯიმანი ვარ. გარდა ამისა, საოჯახო ტიპის სასტუმროს ვფლობ, რომლიდანაც სარჩენად საკმარის შემოსავალს ვიღებ. მე და ჩემი შვილი მეგობრები ვართ, თანასწორად ვუყურებ. ყოველთვის ვეკითხები აზრს, რა სურს მას. ჩვენ შორის ისეთი უხილავი ძაფებია გაბმული, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ შეძლებს მის გაწყვეტას“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
დედის მხარემ კომენტარზე უარი გვითხრა, საუბარი არ ისურვა არც მისმა ადვოკატმა.