პუტინი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე რუსეთის ძალები სრულად დაიპყრობენ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს - „ბლუმბერგი“

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ჯარები შეძლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევას და წლის ბოლომდე სრულად დაიპყრობენ უკრაინის ოთხ ოლქს – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს თქმით, პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოსალოდნელ სატელეფონო საუბარს გამართავს იმ რწმენით, რომ რუსეთი შეძლებს, სრულად დაიკავოს უკრაინის ოთხი რეგიონი, რომელთა ანექსიის შესახებ მოსკოვმა ომის დაწყებიდან მალევე განაცხადა.

ამავე დროს, ბლუმბერგს მოჰყავს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსის, ბენ ბარის მოსაზრება, რომელიც აცხადებს, რომ პუტინის გეგმის წლის ბოლომდე შესრულების ალბათობა უკიდურესად დაბალია.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ტრამპი იმედოვნებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს ომის შეწყვეტას, ხოლო პუტინი, თავის მხრივ, არ ავლენს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მზაობის ნიშნებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მშვიდად ეკიდება აშშ-ის მუქარას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ.

მანამდე ტრამპმა მიანიშნა, რომ მზადაა, გაამკაცროს შეზღუდვები რუსეთის მიმართ, თუ პუტინი არ დაეთანხმება 30-დღიან ზავს უკრაინაში.

ცნობისთვის, დღეს, 19 მაისს დაგეგმილია პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი. თეთრი სახლის წარმომადგენლები და თავად ტრამპი ამბობდნენ, რომ შესაძლოა, შედგეს ტრამპისა და პუტინის პირადი შეხვედრაც, მაგრამ ის ჯერ არ არის ჩანიშნული. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ იქნება გარღვევა, ვიდრე ის პუტინს არ შეხვდება.