პროკურორები P.Diddy-ის პატიმრების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

Paff Daddy

ამერიკელ რეპერს მორიგ ბრალდებას უყენებენ, დიდის პატიმრების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. პროკურატურის განცხადებით, ის პატიმრების ტელეფონებს იყენებდა, რათა "პოტენციურ ნაფიც მსაჯულებზე გავლენა მოეხდინა".

რეპერი ფედერალური გამოძიების ბიურომ ტრეფიკინგთან და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით 16 სექტემბერს დააკავა. ცნობისთვის, მას აღნიშნული ბრალდებები დღემდე არ უღიარებია.

ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და ქომბსი პატიმრობაში დატოვეს. რეპერის სასამართლო პროცესი 2025 წლის 5 მაისსაა ჩანიშნული.

Rolling Stone-ის მიერ მოპოვებული სასამართლო მასალების თანახმად, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორები ამტკიცებენ, რომ რეპერმა ციხის რეგულაციები დაარღვია, იმის გათვალისწინებით, რომ მან სულ მცირე რვა სხვა პატიმრის სატელეფონო ანგარიშები გამოიყენა.

„როგორც ჩანს, სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგის თავიდან აცილების მიზნით, ბრალდებული იყენებს სხვა პატიმართა PAC ნომრებს სატელეფონო ზარების განსახორციელებლად როგორც ბრალდებულის დამტკიცებულ საკონტაქტო სიაში მყოფ პირებთან, ასევე სხვა პირებთან, რომლებიც ამ სიაში არ არიან", - განაცხადეს პროკურორებმა.

პროკურორებმა ახალი 30-გვერდიანი საჩივრით მოუწოდეს მოსამართლეს, რომ არ დაეკმაყოფილებინა ქომბსის ბოლო წინადადება, რომელიც სასამართლო პროცესის დაწყებამდე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს.