პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას ადასტურებენ

პოლონეთის თავდაცვა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ დაწერა.

„ამერიკული იარაღის ტრანსპორტირება იასიონკას სამხედრო ჰაბიდან უკრაინაში კვლავ განახლდა“, – დაწერა მან.

იასიონკაში მდებარეობს პოლონეთიდან უკრაინისთვის დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების მთავარი პუნქტი.

მანამდე, ამერიკული სამხედრო დახმარების აღდგენა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ პალისამ. მისი თქმით, აშშ-სგან უსაფრთხოების სფეროში დახმარება აღდგენილია. ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ აღდგენილია უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც.

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად აღუდგინა.

დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ 3 მარტს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეკამათება მოხდა.