მარიამ ლაშხი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობდა

მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში.

საპარლამენტთაშორისო კავშირის შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა: “პარლამენტები და პეკინის დეკლარაცია 30 წლის შემდეგ: წინააღმდეგობის დაძლევა და არსებული პარადიგმების გამოყენება გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ”.

დეპუტატმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე პეკინის დეკლარაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველოს აქვს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სახელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც 1918 წლიდან იწყება, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალები პარლამენტის წევრებად აირჩიეს. ეს პროგრესული ტრადიცია ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია, თუმცა მის შენარჩუნებაში ბევრი გამოწვევა გვქონდა. საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის განხორციელებაში, განსაკუთრებით განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით და გოგონებისა და ქალების ჩართულობის გაზრდაში STEAM-ის სფეროებში. მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ვხედავთ ქალების შთამბეჭდავ ზრდას, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორებში კარიერას ირჩევენ", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

თავის გამოსვლაში დეპუტატმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წევრებს მოუწოდა, ერთობლივი მუშაობისკენ, რომელიც მიმართული იქნება ქალთა უფლებების გაძლიერებისაკენ.

„მოდით, გავაერთიანოთ ძალები ისეთი კანონმდებლობის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა სრულ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და შევქმნათ მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოებები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.