1698406900
პოლონეთის ქალაქ ოლშტინში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 წლის ბიჭი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ ოლშტინში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 წლის ბიჭი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, იაცეკ დობჟინსკი ავრცელებს.
უწყების წარმომადგენლის ცნობით, დაკავებული საქმის გამოძიების ფარგლებში მესამე ეჭვმიტანილია.
მანამდე სამართალდამცველებმა მისი ორი თანამზრახველი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სამივე ეჭვმიტანილი ინტერნეტში აგროვებდა ინფორმაციას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესახებ. გამოძიების ცნობით, ისინი გადიოდნენ სამხედრო-ტაქტიკურ მომზადებას და შთაგონებულები იყვნენ ისეთი მასობრივი მკვლელობების ჩამდენი პირებით, როგორიცაა ანდერს ბრეივიკი.
ასევე აგროვებდნენ ფეთქებად ნივთიერებებსა და ასაფეთქებელი სისტემების დამზადების ინსტრუქციებს. ორ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.