POLITICO: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

 ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი, - წერს გამოცემა POLITICO.

აშშ-ის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის განცხადებით, 64 წლის მოჰამად ბაღერ ღალიბაფს, რომელიც არაერთხელ დამუქრებია აშშ-სა და მის მოკავშირეებს შურისძიებით, თეთრ სახლში ზოგიერთი მაინც განიხილავს, როგორც „სამუშაო პარტნიორს“, რომელსაც შეუძლია უხელმძღვანელოს ირანს და აწარმოოს მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციასთან ომის შემდგომ ეტაპზე.

თუმცა, თეთრი სახლი ჯერ არ არის მზად რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე შეჩერდეს. ისინი იმედოვნებენ, რომ რამდენიმე კანდიდატს „სტრეს-ტესტს“ ჩაუტარებენ, რათა იპოვონ ვინმე, ვინც შეთანხმების დასადებად მზად იქნება - განაცხადა ორმა წყარომ.

„ის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარიანტია“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი [რანგის კანდიდატია]... მაგრამ ჩვენ ისინი უნდა გამოვცადოთ და არ შეიძლება ამ საქმეში აჩქარება“.