ცვლილება, რომელიც ორსულებს ეხება - მთავრობამ დეკრეტული შვებულების შესახებ ახალი ინიციატივა დაამტკიცა
1794550920
ესპანეთი იმართება ესპანეთიდან და არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, არც ბუენოს აირესიდან და თელ ავივიდან, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სევილიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ესპანელები არ დაუშვებენ, რომ ქვეყანა „ულტრამემარჯვენე საერთაშორისო ორგანიზაციის უკანა ბაღი“ გახდეს.
როგორც სანჩესმა აღნიშნა, მემარჯვენე ლიდერებმა, ამერიკაში დონალდ ტრამპმა, ბრაზილიაში ბოლსონარომ და არგენტინაში ხავიერ მილეიმ წარუმატებლობა განიცადეს.
„იყო თუ არა ტრამპი ალტერნატივა შეერთებულ შტატებში, იყო ეს მთავრობის შეცვლა თუ უკან გადადგმული ნაბიჯი? და ბოლსონარო ბრაზილიაში? იყო ის ალტერნატივა თუ უკან გადადგმული ნაბიჯი? რაც შეეხება ჩვენს მეგობარ მილეის არგენტნაში? ვიდრე ისინი გააგრძელებენ შემცირებაზე, შემცირებაზე და კიდევ უფრო მეტ შემცირებაზე საუბარს, ჩვენ ხმას მივცემთ, რათა კიდევ ოთხი წლის განმავლობაში შევძლოთ მართვა, მართვა და მართვა. საყოველთაო არჩევნებში ხმის მისაცემად როდესაც მივალთ, ნათლად განვაცხადებთ, რომ ესპანეთი იმართება ესპანეთიდან, არა ვაშინგტონიდან, არც მოსკოვიდან, არც ბუენოს აირესიდან, არც თელ ავივიდან, არამედ ესპანეთიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი ქვეყანა გახდეს რომელიმე ულტრამემარჯვენე საერთაშორისო ორგანიზაციის უკანა ბაღი. ეს არის სუვერენული ქვეყანა და ასე დარჩება 29 ნოემბრის შემდეგაც“, – განაცხადა სანჩესმა.
ამასთან, მან მოქალაქეებს მოუწოდა 29 ნოემბრის არჩევნებზე მივიდნენ, რათა კონსერვატორების ლიდერი ალბერტო ნუნეზ ფეიხო და ულტრამემარჯვენე Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი დაამარცხონ.
„29 ნოემბერს ფეიხომ და აბასკალმა ხმამაღლა და ნათლად უნდა მოგვისმინონ. 29 ნოემბერს გაიმართება ისტორიული მობილიზაცია პროგრესული ესპანეთის ეპიკური აღორძინებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაამარცხებს რეაქციულ ძალებს საარჩევნო ყუთებთან, როგორც ეს მხოლოდ დემოკრატიაშია სწორი“, – აღნიშნა სანჩესმა.
ცნობისთვის, ესპანეთში 29 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბინაო კრიზისის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქტივისტები ესპანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და შეკრებილებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.