1794553553
საფრანგეთის საელჩო უერთდება იმ ადამიანების ხსოვნის პატივისცემას, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ღრმად არის აღბეჭდილი ქართველი ხალხის ისტორიასა და ცნობიერებაში - დიპლომატიური უწყების განცხადება ასი ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით
საქართველოში საფრანგეთის საელჩო ასი ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი უერთდება ამ დღეს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ვისი თავგანწირვაც საქართველოს ისტორიაში მტკიცედ არის შემონახული.
"დღეს, საქართველო პატივს მიაგებს თბილისის ასი ათას მოწამეს, XIII საუკუნის რელიგიური შევიწროების მსხვერპლებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს საკუთარი რწმენის ერთგულებისთვის.
ამ ხსენების დღეს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში უერთდება იმ ადამიანების ხსოვნის პატივისცემას, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ღრმად არის აღბეჭდილი ქართველი ხალხის ისტორიასა და ცნობიერებაში", - აღნიშნავს საფრანგეთის საელჩო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინმა, როდესაც ტავისი ჯარით თბილისს შეესია, სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს და არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს.












