პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში თავდასხმების შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის არმიის განცხადებით, ისინი ატარებდნენ ოპერაციას „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ. ოპერაციის დროს განადგურდა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს სამედიცინო კლინიკა, ასევე დაზიანებულია გზები.

პარალელურად, „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ისრაელელი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის მხარე ავრცელებს.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, მათ განახორციელეს რამდენიმე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა ისრაელის ძალებზე.