„ომი უკრაინაში მხოლოდ დონბასის რეგიონს ეხება“ – მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ყველა საუბრობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, ხოლო სინამდვილეში კონფლიქტი უკრაინის ერთ რეგიონის, დონბასის გარშემო ვითარდება.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ ომზე საუბრობს, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა ეს ომი დონბასს ეხება. საუბარია ქვეყნის ერთ რეგიონზე. არსებითად, საქმე ეხება ამ ქვეყნის ტერიტორიის ერთი ნაწილის 11%-ს, რომლის დაუფლებაც რუსეთს სურს, მაგრამ სამხედრო გზით ვერ ახერხებს, უკრაინა კი მის დათმობას არ თანხმდება. უკრაინას ამის არ დათმობის კარგი მიზეზები აქვს - ეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და გრძელვადიან უსაფრთხოებას უკავშირდება“, - განაცხადა რუბიომ ინდურ მედიასთან საუბარში.

შესაბამისად, როგორც რუბიომ აღნიშნა, საკითხავია, შესაძლებელია თუ არა ისეთი კომპრომისის მიღწევა, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარეს მოუწევს გარკვეული დათმობები ომის დასასრულებლად.

„ამ ომის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. ის მხოლოდ დიპლომატიური გზით დასრულდება. მთავარი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა ისეთი შედეგის მიღწევა, როდესაც ორივე მხარე რაღაც სარგებელს მიიღებს, ამავდროულად გარკვეულ დათმობებზეც წავა და ომი დასრულდება“, - დასძინა მან.

რუბიოს განცხადებით, აშშ ცდილობს ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას, რათა კონფლიქტი მოაგვაროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება რთული საკითხია.

„ეს რთული პროცესია, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ: რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს, პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, თუ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება და საუბარს არ დაიწყებს. ჩვენ კი მზად ვართ, ამ პროცესში შუამავლის როლი შევასრულოთ. სწორედ ამას ვცდილობთ. არ ვამტკიცებთ, რომ მხარეების ერთ ოთახში შეკრება პრობლემას ავტომატურად მოაგვარებს, თუმცა თუ მათ ერთ მაგიდასთან დასმას ვერ შევძლებთ, პრობლემის გადაჭრის არანაირი შანსი არ გვექნება“, - აღნიშნა რუბიომ.

როგორც რუბიომ განმარტა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას უზარმაზარი დრო დაუთმო. მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციაში ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე მუშაობენ, როგორ მოახდინონ ვითარებაზე გავლენა და მხარეებს შორის არსებული უთანხმოება დაძლიონ.

✕