1794461315
ნიუ-იორკში, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, სამშენებლო მოედნის გვერდით მდებარე სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, 10-ზე მეტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში სხვა შესაძლო დაზარალებულებს ეძებენ.
ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, ჩამოინგრა 1930 წელს აშენებული, ოთხბინიანი საცხოვრებელი შენობა და გვერდით მდებარე სამშენებლო მოედანზე გადავარდა, სადაც მიწის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, შემთხვევის მიზეზს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სახლში ნგრევის მომენტში, რომელიც ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. მათ ასევე არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი მუშა იმყოფებოდა სამშენებლო მოედანზე შენობის ჩამონგრევის დროს.








