ნიკოლა სარკოზი - ციხის არ მეშინია, თავს მაღლა ავწევ, ციხის კარიბჭის წინაც კი

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ პატიმრობის არ ეშინია.

სარკოზი, რომელიც 21 ოქტომბერს პარიზში, ლა სანტეს ციხეში უნდა გადაიყვანონ, ამბობს, რომ ჩემოდანი უკვე ჩაალაგა და სასჯელის მოხდის დაწყებამდე თავს მშვიდად გრძნობს.

„ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ, ციხის კარიბჭის წინაც კი“, – განაცხადა სარკოზიმ და აღნიშნა, რომ არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს.

მისივე თქმით, ციხეში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს და წიგნის დაწერას გეგმავს.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.

სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.