NASA-ს ახალი ტელესკოპი უკვე კოსმოსშია

ნასას ტელესკოპი

NASA-მ კოსმოსში ახალი ტელესკოპი გაუშვა, რომელსაც PHEREx (სამყაროს ისტორიის შემსწავლელი სპექტრო-ფოტომეტრი, რეიონიზაციის პერიოდისა და ყინულების კვლევითი აპარატი) ეწოდება.

აქამდე მისია სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა, საბოლოოდ, SPHEREx ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ თბილისის დროით 12 მარტის 07:10 საათზე გაიტანა.

ფრენა კალიფორნიაში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზაში შედგა:

 

 

SPHEREx ცას ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება, რომელიც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ის საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ობიექტები, რომლებიც ზედმეტად ცივი ან შორეულია, რის გამოც ხილულ სპექტრში ძნელად განირჩევა.

SPHEREx-ის მონაცემები სამყაროს რუკის შედგენაში დაგვეხმარება, რისთვისაც ის ირმის ნახტომში არსებულ 100 მილიონ ვარსკვლავს, ასევე 450-ზე მეტ შორეულ გალაქტიკას აღბეჭდავს. ეს ინფორმაცია უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორ ფორმირდება გალაქტიკები; როგორაა გადანაწილებული ვარსკვლავთწარმომქმნელ ნისლეულებში წყალი და ორგანული მოლეკულები; როგორ/სად ყალიბდება მნათობები აირისა და მტვრისგან.

ტელესკოპის ინფრაწითელი შესაძლებლობები მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ვიცით, სამყარო ფართოვდება. ამ პროცესში სხვადასხვა შორეული ობიექტიდან მომავალი სინათლის სხივები "იწელება" და სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის. ეს ნიშნავს, რომ მას ადამიანის თვალი ან ხილულ ელექტრომაგნიტურ ტალღებზე ორიენტირებული ტექნოლოგია ვერ შენიშნავს. სწორედ ამიტომაა საჭირო SPHEREx-ის მსგავსი ობსერვატორიები, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია.

ამის მიუხედავად, ეს ორი მოწყობილობა ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება: ვები კოსმოსის მცირე არეალებზე სიღრმისეულ დაკვირვებებს გვთავაზობს, კონუსის ფორმის 2.6-მეტრიანი SPHEREx კი უფრო ფართო ხედებს აღბეჭდავს.

„ისტორიაში პირველად, მთლიან ვარსკვლავებიან ცას 102 ინფრაწითელ ფერში გადავიღებთ",— აცხადებს NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის ხელმძღვანელი, ნიკი ფოქსი. 

SPHEREx ახლა მზესთან სინქრონულ პოლარულ ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას, ანუ ვარსკვლავთან მიმართებით მისი პოზიცია უცვლელი იქნება. ამავე დროს, იქ ის მზის მცხუნვარებისგან დაცულიც იქნება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ინფრაწითელი სპექტრი სითბურ ტალღებს მოიცავს, რომელთა გარეშე წყაროსაც მონაცემების დახარვეზება შეუძლია.

ამის თავიდან ასაცილებლად ტელესკოპის კონუსური დამცავი კარკასი მზისგან სულ მცირე 91 გრადუსით იქნება შებრუნებული. ასევე, მისი ობიექტივი დედამიწის საპირისპირო მხარეს მოექცევა, რადგან ინფრაწითელი გამოსხივება ჩვენს პლანეტასაც აქვს.

საბოლოოდ, ახალი ობსერვატორია 98-წუთიანი ორბიტული პერიოდის ტრაექტორიით იმოძრავებს და გარშემო არსებულ სხვადასხვა კოსმოსურ სარტყელს 360 გრადუსით გადაიღებს. სრული ხედის აღსაბეჭდად მას 6 თვე დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ რაკეტამ მასთან ერთად კოსმოსში მზის მისია PUNCH-ის სატელიტებიც გაიტანა. მათი მთავარი მიზანი იმის დადგენაა, თუ როგორ წარმოიქმნება ვარსკვლავის გარე ატმოსფეროში, გვირგვინში, მზის ქარი.