ნაპოვნია ვაშინგტონთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები“ და 40 ცხედარი

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი

ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის რაიონში, მდინარე პოტომაკში ნაპოვნია სამგზავრო თვითმფრინავის ორივე საბორტო თვითჩამწერი, ე.წ. შავი ყუთები.

ინფორმაცია ამერიკულ მედიასაშუალებებს დაუდასტურეს შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში. „შავი ყუთების“ მონაცემების გაშიფვრა მნიშვნელოვანია კატასტროფის მიზეზის დასადგენად.

ტელეკომპანიები CBS-ი და CNN-ი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სამძებრო ოპერაციისას უკვე ნაპოვნია, სულ მცირე, 40 დაღუპულის ცხედარი. 

თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.

30 იანვარს სამძებრო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაღამების შემდეგ შეჩერდა 31 იანვრის დილამდე. 

30 იანვარს, საღამოს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დემოკრატების პოლიტიკა გააკრიტიკა.

ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, აქვთ მოსაზრება, რომ ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია პრეზიდენტების, ობამას და ბაიდენის ადმინისტარციების მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა უმცირესობებისა და მოსახლეობის ნაკლებად დაცული ჯგუფების წარმომადგენელთა ხელშეწყობას. ტრამპის აზრით, ამ პოლიტიკამ ხელი შეუწყო არაკვალიფიციური მოხელეების მომრავლებას, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში.