მჯერა ყველას სურს მდგრადი მშვიდობა, ეს არის ის, რასაც ყველანი ვცდილობთ, ახლა საკითხი ეხება ეტაპებს, იმ გზას, თუ როგორ მივუახლოვდეთ შედეგს - მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პარიზში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. მხარეებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომიც იყო.

მაკრონმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველა მხარე უკრაინაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას ცდილობს. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინელი და ევროპელი დიპლომატებიც.

მედიის ცნობით, პარიზში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების საკითხის განხილვასაც აპირებენ.

"მჯერა, რომ ყველას სურს მშვიდობა, რა თქმა უნდა, მყარი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ. ახლა საკითხი ეხება ეტაპებს, იმ გზას, თუ როგორ მივუახლოვდეთ შედეგს, რომელიც ჩვენ გვსურს," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

განცხადებას წერილობით ავრცელებს მარკო რუბიოც.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიზანი – დავასრულოთ ეს ომი და შევაჩეროთ არასაჭირო სისხლისღვრა," - წერს სახელმწიფო მდივანი.