მეცნიერებმა დედამიწაზე სეზონების შესახებ სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს

სეზონი

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სეზონური გადასვლები ხშირად რთულია და ერთმანეთთან არ არის სინქრონიზებული.

მკვლევრებმა 20 წლიანი სატელიტური მონაცემები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ეკოსისტემები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სეზონურ ციკლებს განსხვავებულად განიცდიან. კვლევის ხელმძღვანელის თქმით, ბუნებრივი „კალენდარი“ გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ზამთარ-გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის მარტივი სქემა.

კვლევამ გამოავლინა, რომ ერთმანეთთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარე ტერიტორიებსაც კი შეიძლება სრულიად განსხვავებული სეზონური რიტმები ჰქონდეთ. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ რეგიონებში, როგორიცაა ტროპიკული ტყეები და ხმელთაშუა ზღვის კლიმატის ზონები.

ერთ-ერთ მაგალითად მეცნიერები კოლუმბიის ყავის პლანტაციებს ასახელებენ, სადაც მთების გასწვრივ მდებარე ნაკვეთები განსხვავებულ სეზონურ ციკლებს მიჰყვება, რაც მცენარეთა განვითარების არათანაბარ პროცესებს იწვევს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის კლიმატის მქონე რეგიონებში - კალიფორნიაში, ჩილესა და სამხრეთ აფრიკაში - ტყის ზრდის პიკი ზოგჯერ სხვა ეკოსისტემებთან შედარებით ორი თვით გვიან დგება.

მეცნიერთა დასკვნით, ეს აღმოჩენები ცვლის წარმოდგენას სეზონურობის სტაბილურობაზე და მიუთითებს, რომ ადგილობრივი ეკოსისტემები კლიმატურ ცვლილებებზე ბევრად უფრო ინდივიდუალურად რეაგირებენ.