1736970770
მეტე ფრედერიქსენმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას გრენლანდიის საკითხი განიხილეს
დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დანიის პრემიერის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და გრენლანდიას.
„საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს განცხადებას, რომ გრენლანდია არ იყიდება და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება თავად გრენლანდიამ უნდა მიიღოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დანიის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, არქტიკის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და რომ „დანიური კომპანიები ხელს უწყობენ აშშ-ში ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას“.
„საუბრისას ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარება და ჩინეთთან ურთიერთობები“, – აღნიშნულია დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.