ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს ფულადი გზავნილების სტატისტიკაში, ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა.

„267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო.

საქართველოში გასულ წელს ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული. ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც წლიური ზრდა 10.2% იყო.

2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და 541 მილიონი შეადგინა. 2021 წელს გადმორიცხული თანხის მოცულობა 411 მლნ დოლარს შეაგენდა, 2022 წელს – 2 მილიარდ დოლარს, 2023-ში კი 1.5 მილიარდ დოლარს.

წინა წელთან შედარებით გზავნილების საერთო მოცულობის შემცირების მიზეზი, მეტწილად, რუსეთის ფედერაციიდან ფულადი ნაკადების შემოდინების კლების შედეგია.

გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ჯამურმა მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გზავნილებს, 2024 წლის დეკემბერში 34.8 მლნ აშშ დოლარია გადაგზავნილი რაც 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.