დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
ნეპალში მომხდარი უმძიმესი სტიქიის ფონზე ერთი მასწავლებლის სწრაფმა გადაწყვეტილებამ ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა. საშუალო სკოლაში მომუშავე რაჯენდრა დავადიმ 1 643 მოსწავლე სკოლიდან რამდენიმე წუთით ადრე გაიყვანა, სანამ ძლიერი წყალდიდობა შენობას მთლიანად გაანადგურებდა.
დავადი ნუვაკოტის რაიონში მდებარე სკოლის დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებელია. 26 აგვისტოს, დილით, მან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, რომ მდინარე სწრაფად იმატებდა და ახლომდებარე დასახლებას უკვე სტიქია ემუქრებოდა.
თავდაპირველად მას ეგონა, რომ სკოლის შენობა, რომელიც მდინარიდან შედარებით მაღლა მდებარეობდა, უსაფრთხო იყო. თუმცა დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვეტილება აღარ გადადო - ზარი დარეკა, გაკვეთილები შეწყვიტა და მოსწავლეებს მაღალ ადგილზე გადასვლა უბრძანა.
იმ დროისთვის სკოლაში დაახლოებით 900 ბავშვი იმყოფებოდა, კიდევ რამდენიმე ასეული მოსწავლე კი სკოლის ავტობუსებით გზაში იყო. დავადიმ ავტობუსების მძღოლებთან დაკავშირებაც შეძლო და მათ უკან დაბრუნება სთხოვა.
ბავშვებმა შენობა დატოვეს, რის შემდეგაც მდინარისა და ტალახის უზარმაზარი ნაკადი ტერიტორიას დაატყდა თავს. სამსართულიანი სკოლის შენობა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ასობით ბავშვისთვის სასწავლო ადგილი იყო, სტიქიამ მთლიანად გაანადგურა.
ერთ-ერთმა 16 წლის მოსწავლემ მოგვიანებით გაიხსენა, რომ მას და მის მეგობრებს გადარჩენისთვის სულ რამდენიმე წამი ჰქონდათ. ბავშვები ტალახიან გზაზე გარბოდნენ, როდესაც წყალი და ნანგრევები დასახლებას უკვე ანადგურებდა.
ტრაგედიას სკოლის თანამშრომლებიც ემსხვერპლნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მასწავლებელი და სკოლის დამხმარე თანამშრომელი დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც ისინი სახიფათო ზონაში დაბრუნდნენ.
31 აგვისტოს ბოლო განახლებული მონაცემებით, ნეპალში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 903 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 247 ადამიანი დაკარგულად ითვლება.