მაკრონი: იმ საერთაშორისო წესრიგის დაშლის რისკის წინაშე ვდგავართ, რომელმაც მშვიდობა მოუტანა მსოფლიოს, ამ კონტექსტში, ჩინეთისა და საფრანგეთის დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

მაკრონი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩენდუში თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონი ცდილობს, ჩინეთს მოუწოდოს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ და ამავდროულად, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაამყაროს.

„ჩვენ ვდგავართ იმ საერთაშორისო წესრიგის დაშლის რისკის წინაშე, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობა მოუტანა მსოფლიოს და ამ კონტექსტში, ჩინეთსა და საფრანგეთს შორის დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ვიმედოვნებ, რომ ჩინეთი შეუერთდება ჩვენს მოწოდებას, ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტას კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული დარტყმების მორატორიუმის სახით“, – განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ მიდის.

მედიის ცნობით, მაკრონის ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც საფრანგეთი მომავალ წელს „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობისთვის ემზადება და პეკინი მიანიშნებს, რომ ევროპასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება სურს.