ლატვიაში აცხადებენ, რომ ბელარუსთან საზღვრის ქვეშ გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანისთვის გამოიყენებოდა

ლატვია

ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის ოფიცრებმა, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ბელარუსთან საზღვრის ქვეშ გვირაბი აღმოაჩინეს და იმ ქსელების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმები დააანონსეს, რომლებიც მიგრანტებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებიან.

როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბელარუსიდან ლატვიაში მიგრანტების გადაყვანას კრიმინალური ქსელები უწყობენ ხელს, რის შედეგადაც ისინი შენგენის ზონაში ხვდებიან. თუმცა, მისი განცხადებით, მიგრანტების საბოლოო დანიშნულების ადგილი ევროპის სხვა რეგიონებია.

„გვინდა, მათ, ვინც ამ საქმიანობას ორგანიზებას უწევს, ეს გზავნილი მივაწვდინოთ, რომ დღეს ყველაფერს ბოლოს მოვუღებთ. დღეს დაიწყო ოპერაცია, რომლის მიზანიც ამ ორგანიზებული საქმიანობის შეწყვეტაა. ჩვენ ყველა რესურსს ჩავრთავთ, როგორც სამხედრო, ისე სხვა შესაძლებლობებს. ეს იქნება სამხედრო ოპერაცია, რომელიც სასაზღვრო დაცვასთან, პოლიციასა და სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს“, – განაცხადა კულბერგსმა.

თავის მხრივ, როგორც შს მინისტრმა, იანს დომბრავ აღნიშნა, გაძლიერდება ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა.

„ამ მიზნით უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ სასაზღვრო დაცვა, სახელმწიფო პოლიცია, ეროვნული შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სამსახურები. ასევე, უკანონო მიგრანტების ადრეული გამოვლენისა და დაკავებისთვის დრონებს უფრო ინტენსიურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ლატვიის შს მინისტრმა.

ლატვიის მთავრობის ცნობით, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად თანამშრომლობას გააგრძელებს მეზობელ ესტონეთთან, ლიეტუვასთან, პოლონეთთან და სხვა ქვეყნებთან.