კიევი შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების გაფორმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არ განიხილავს და ეს შეთანხმების პროექტში შედის - დენის შმიგალი

დენის შმიგალი

აშშ-სა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

დენის შმიგალის თქმით, კიევი არ განიხილავს შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების გაფორმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და ეს უკვე შედის შეთანხმების პროექტში.

დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა მოამზადეს ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების პროექტი, რომელიც ცნობილია როგორც „წიაღისეულის შეთანხმება“ და ეს არის წინასწარი ხელშეკრულება უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.

„ეს შეთანხმება პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების გარანტიებთან. არც უკრაინის პრეზიდენტი და არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავს ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. მე-10 პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების განუყოფელ ელემენტს, ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად და ეკონომიკურად უსაფრთხო სტაბილურობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ევროკავშირთან ამავე სფეროში მიღწეულ ადრინდელ შეთანხმებებს.

დენის შმიგალის თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს უკრაინული მხარე ევროპულ მხარესთანაც ამყარებდა კომუნიკაციას.

„ამ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ჩვენი ევროინტეგრაციის ინტერესები. შეთანხმებაში იურიდიული ტექსტით ეს ჟღერს შემდეგნაირად: „საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების შემუშავებისას მონაწილეებმა, ანუ აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებმა, თავი უნდა აარიდონ უკრაინის ვალდებულებებთან კონფლიქტს ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ტექსტს განიხილავს

Eurointegration-ის წყაროების ინფორმაციით, დოკუმენტის მე-10 პუნქტში ნათქვამია შემდეგი: „ეს ორმხრივი შეთანხმება და შეთანხმება ფონდის შესახებ წარმოადგენს ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების განუყოფელ ელემენტებს, ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, ეკონომიკურად უსაფრთხო მდგრადობის გასაძლიერებლად და ამ ორმხრივი შეთანხმების განსაზღვრული მიზნების ასახვისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აუცილებელია მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად. მონაწილეები შეეცდებიან, განსაზღვრონ ნებისმიერი აუცილებელი ნაბიჯი ფონდის შესახებ შეთანხმებაში განსაზღვრული ორმხრივი ინვესტიციების დასაცავად“.