ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა
1741988330
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აფასებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებს.
„ჩვენი აზრით, გუშინ ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი კონტაქტები იყო პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის.
უიტკოფი ბრუნდება აშშ-ში. როდესაც ის დაბრუნდება, იმედი მაქვს, შევიკრიბებით ამ შაბათ-კვირას. ჩვენ უფრო საფუძვლიანად შევაფასებთ რუსეთის პოზიციას. შემდეგ პრეზიდენტი შეაფასებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა რუბიომ პრესკონფერენციაზე, რომელიც კანადის კვებეკის პროვინციაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, „არსებობს საფუძველი ფრთხილი ოპტიმიზმისთვის, მაგრამ ეს რთული და კომპლექსური სიტუაციაა“.
„ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ახლა, სულ მცირე, რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდით ომის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას, თუმცა, კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“, – თქვა რუბიომ.
მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების დროს გამოიკვეთა „დადებითი დინამიკა“.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახავთ, რისი გაკეთება სურს რუსეთს. საქმე მხოლოდ რუსეთში არ არის. რა თქმა უნდა, ეს მისაღები უნდა იყოს უკრაინისთვისაც“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, რუბიომ უპასუხა, რომ ეს არარელევანტური კითხვაა, რადგანაც საქმე ეხება არა ნდობას, არამედ ქმედებებს.
კითხვაზე, ხომ არ ცდილობს პუტინი, დრო მოიგოს, რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა არ მიიღებს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმ განცხადებების საფუძველზე, რასაც რომელიმე ქვეყნის ლიდერი აკეთებს პრესკონფერენციაზე ან სოციალურ მედიაში.
რუბიომ განაცხადა, რომ „ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკებების პროცესია“. მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობებზე.
„ის, რისი დათმობისა და მიღებისთვისაც მზადაა თითოეული მხარე, არის ის, რაც დაასრულებს უკრაინაში ომს. ხალხი როდესაც ჯდება და მოლაპარაკებით ცდილობს ომის დასრულებას, ჩვეულებრივ ხდება გაცემაც და მიღებაც. რა იქნება ეს კონკრეტული დათმობები, დამოკიდებულია მაგიდასთან მყოფ მხარეებზე. ჩვენ არაფერს წინასწარ არ განვსაზღვრავთ, მაგრამ ეს არის ის, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად“, – განაცხადა რუბიომ პრესკონფერენციის დასასრულს.