კემბრიჯის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა

ლექსიკონი

 კემბრიჯის ლექსიკონმა წლის სიტყვად "მანიფესტაცია" დაასახელა, მას შემდეგ, რაც კეთილდღეობის ამ ტრენდმა საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა და ისეთმა ცნობილმა სახეებმა გაუწიეს რეკომენდაცია, როგორიცაა დუა ლიპა.

ტრადიციული მნიშვნელობით, ამ სიტყვას კემბრიჯის ლექსიკონში ორნაირი განმარტება ჰქონდა. როგორც ზედსართავი სახელი, ის "მარტივად შესამჩნევს ან ცხადს" ნიშნავს, როგორც ზმნა კი "ქმედებებითა და მინიშნებებით რაიმეს ცხადად ჩვენებას".

ახლა კი ლექსიკონში "მანიფესტაციას" ახალი განმარტებაც დაემატა — "შენი სურვილების ახდენის წარმოდგენა, ვიზუალიზაცია, რწმენა, რომ ოცნების რეალურად წარმოდგენა მის ახდენაში დაგეხმარება."

ვენდელინ ნიკოლსი, კემბრიჯის ლექსიკონის გამოცემის მენეჯერი, აცხადებს, რომ "ამ წლის გამარჯვებული სიტყვა მანიფესტაცია გახდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ეძებდა მის მნიშვნელობას. მისი გამოყენება 2024 წელს ძალიან გახშირდა და ამ სიტყვის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ სიტყვების მნიშვნელობები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს."

მანიფესტაციის მრავალი სხვადასხვა გზა არსებობს. მაგალითად, დუა ლიპამ გლასტონბერის ფესტივალზე აღნიშნა, რომ ამ სცენაზე დგომა მისი უდიდესი ოცნება იყო და ამას წლების განმავლობაში ამანიფესტებდა — წარმოიდგენდა, რომ მისი ოცნება უკვე რეალობა იყო, თავს აჯერებდა, რომ ეს მართლა მოხდებოდა და იმავეს წერდა კიდეც.

თავიანთი წარმატებები მანიფესტაციისა და პოზიტიური ფიქრის ძალას დაუკავშირეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა საიმონ ბაილსმა და ოლი ვატკინსმაც.