რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
რომანტიკულ სიყვარულში სქესობრივი განსხვავებების შესახებ უამრავი კვლევა არსებობს, თუმცა ახალი კვლევა პირველია, რომელმაც ამ კუთხით უკვე ურთიერთობაში მყოფი ადამიანები შეისწავლა. გარდა ამისა, ნაშრომში შედარებით დიდი კულტურათაშორისი მონაცემებია წარმოდგენილი.
კვლევას ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ფსიქოლოგები უძღვებოდნენ. მათ მონაცემები 4 კონტინენტზე — ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, აფრიკა — მდებარე 33 ქვეყნიდან შეაგროვეს. მიზანი იმის გაგება იყო, ახდენს თუ არა გავლენას ბიოლოგიური სქესი რომანტიკული სიყვარულის გაჩენაზე, განვითარებასა და გამოხატვაზე.
კვლევაში მონაწილეობა ურთიერთობაში მყოფმა 808 ახალგაზრდამ (18-25 წლამდე) მიიღო. ურთიერთობა თითოეულ მათგანს შედარებით ახალი დაწყებული ჰქონდა (მაქსიმუმ 2 წლის). მეცნიერებმა ქალები და კაცები ერთმანეთს შემდეგ საკითხებში შეადარეს:
რამდენჯერ ყოფილან ისინი შეყვარებული;
როდის შეუყვარდათ;
რამდენად ინტენსიურად უყვარდათ;
რამდენად იყვნენ პარტნიორით შეპყრობილნი;
რამდენად იჩენდნენ ურთიერთობაში ინიციატივასა და მონდომებას;
შედეგებმა აჩვენა, რომ კაცებს საშუალოდ ერთი თვით უფრო ადრე უყვარდებათ, ვიდრე ქალებს. მეორე მხრივ, ქალებს ოდნავ უფრო ძლიერად უყვართ და პარტნიორებზე უფრო ხშირად ფიქრობენ, ვიდრე კაცები.
"თავიდან გვეგონა, რომ სიყვარულის საკითხში მნიშვნელოვან სქესობრივ განსხვავებებს ვიპოვიდით. ამისდა მიუხედავად, სხვა სახის ინდივიდუალურ და ეკოლოგიურ ფაქტორებსაც მივაგენით (მაგალითად, გენდერულ უთანასწორობას), რომლებიც აგრეთვე მოქმედებს რომანტიკული სიყვარულის განცდაზე", — აღნიშნავს ადამ ბოუდი, წამყვანი ავტორი.
კვლევა კულტურათაშორის განსხვავებებსაც უსვამს ხაზს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც გენდერული თანასწორობის უფრო მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან არიან, რომანტიკულ სიყვარულს უფრო ნაკლებად ინტენსიურად განიცდიან, პარტნიორით ნაკლებად არიან შეპყრობილნი და, სავარაუდოდ, მონდომებასაც ნაკლებად იჩენენ.
ნაშრომში Romantic Love Survey 2022-ის შედეგებია გამოყენებული. ეს რომანტიკული სიყვარულის შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა. გამოკითხვაში 1 556 ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.
"რომანტიკული სიყვარული სათანადოდ არ არის შესწავლილი. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან იგი უმნიშვნელოვანესია ოჯახის შექმნის კულტურაზე მისი გავლენისა და სავარაუდო უნივერსალურობის გამო. ჩვენი სურვილია, ხალხს ამ ფენომენის უკეთ გაგებაში დავეხმაროთ", — ამბობს ბოუდი.
კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერი სქესობრივი განსხვავება რომანტიკულ სიყვარულში არამხოლოდ ბიოლოგიური სქესით, არამედ ევოლუციური წნეხითაც შეიძლება აიხსნას. ის ფაქტი, რომ კაცებს ერთი თვით უფრო ადრე უყვარდებათ, იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ევოლუციურ წარსულში პარტნიორის გულის მოსაგებად კაცებს მონდომება უფრო ადრე უნდა გამოეჩინათ.
საინტერესოა ისიც, რომ ორივე სქესის ცდისპირთა დიდ ნაწილს (39%-ზე მეტი) პარტნიორი რომანტიკული ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ შეუყვარდათ.