კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია.

„მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ვთქვა, რომ ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან ამ პერიოდში, ომის პირობებში. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ რეფერენდუმების და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გამო, ევროპარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა საგანგებო სხდომა გამართეს, რომელზეც სპეციალურად იყო მოწვეული ევროკომისიის წარმომდგენელი ლუკ დევიენი.

მან ევროდეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ევროკავშირი ამ პროცესების ფონზე.

გაგრძელდება სანქციებზე მუშაობა, უკრაინის სამხედრო დახმარება და ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საზღვრებზე არსებულ ვითარებას, არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ მესამე ქვეყნების საზღვრებთან.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი აცხადებს, რომ ყალბ რეფერენდუმს არ აღიარებს.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, 30 სექტემბერს, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოვა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში გაწევრიანებას ოფიციალურად გამოაცხადებს.