1747209932
ანდრეი ერმაკმა და მარკო რუბიომ სტამბოლში გასამართი მოლაპარაკებების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს, რა დროსაც სტამბოლში 15 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
საუბრისას ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მზაობა თურქეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობის თაობაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ კიევი სწრაფი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.
ერმაკმა რუბიოს აგრეთვე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება გაახსენა, რომელიც თურქეთში ჩასვლაზე მზაობას გამოთქვამდა.
„აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ერთდროული ყოფნა ომის დასრულების შესახებ ნამდვილი მოლაპარაკებების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა“, - აღნიშნა ერმაკმა.