ალბათ, 30-ში პუტინი უკრაინის ოკუპირებული ნაწილის რუსეთთან შეერთებას გამოაცხადებს - ბრიტანეთის დაზვერვა

Putin

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, 30 სექტემბერს, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოვა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში გაწევრიანებას ოფიციალურად გამოაცხადებს.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისს განცხადებაში ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე „რეფერენდუმი" 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს."- წერს დაზვერვა.

დაზვერვის თქმით, რუსეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ გაწევრიანების ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამართლება და კონფლიქტის პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს.

„ამ მისწრაფებას, სავარაუდოდ, ძირს უთხრის რუსეთის ბოლოდროინდელი მოვლენები ბრძოლის ველზე და ასევე მნიშვნელოვანი უსიამოვნება გასულ კვირას გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო."- წერს დაზვერვა.

21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

26 სექტემბერს გამოცემა Meduza-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. მისივე თქმით, აკრძალვის შემოღების ყველაზე სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება.

სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ: რას განიხილავენ რუსები ჩათში „ზემო ლარსი“ - ხერგილები საზღვარზე და ჯავშანტრანსპორტი