1738610084
კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, მივაღწიეთ შეთანხმებას აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერებაზე - მექსიკის პრეზიდენტი
მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შინბაუმის განცხადებით, მან და დონალდ ტრამპმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვის მანძილზე შეჩერების შესახებ.
მექსიკის პრეზიდენტის თქმით, მას „კარგი საუბარი“ ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მოლაპარაკებების შედეგად, მექსიკა იღებს ვალდებულებებს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
შეთანხმების ძირითადი პირობები მოიცავს მექსიკის მთავრობის მზაობას, გაზარდოს საზღვრის კონტროლი და აღკვეთოს ნარკოტიკების კონტრაბანდა. კერძოდ, მექსიკა დაუყოვნებლივ გაგზავნის 10 000 ეროვნული გვარდიის სამხედროს საზღვრის გასამაგრებლად. ამ ნაბიჯის მთავარი მიზანია, შეამციროს ნარკოტიკული საშუალებების, განსაკუთრებით კი ფენტანილის გადატანა აშშ-ს საზღვართან. სანაცვლოდ, აშშ თანხმდება, გადადოს მექსიკის საქონლისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესება ერთი თვით. ამ პერიოდში მხარეები გაუმჯობესებულ პირობებზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ასევე საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას.
შეთანხმების კიდევ ერთი ასპექტი არის აშშ-ის პირობა, შეზღუდოს მაღალი სიმძლავრის იარაღის შეტანა მექსიკაში. ეს ნაბიჯი მიმართულია ორივე ქვეყანაში დანაშაულის შემცირებისა და საზღვრისპირა რეგიონების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.